იაშვილის კლინიკაში მყოფი მოზარდისთვის არავის შეუქმნია ბარიერი იმის გამო, რომ ის რუსეთის მოქალაქეა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც სერგეენკომ აღნიშნა, საქართველოში თანაბარი ყურადღება ექცევა ყველას, განურჩევლად მოქალაქეობისა.
“ერთი თვის წინ პაციენტი გადაუდებელი ქირურგიული ჩარევის საჭიროებით შევიდა კლინიკაში. მას ეს ოპერაცია ჩაუტარდა. იქიდან გამომდინარე, რომ მას სხვა ორგანოებისა და სისტემების დაავადებებიც აქვს, რომლის კონკრეტიკაში მშობლების ნებართვის გარეშე ვერ შევალ, ბავშვის მდგომარეობა იყო მძიმე. მას სჭირდებოდა ერთი თვის განმავლობაში რეანიმაციაში მკურნალობა. ხაზს ვუსვამ, რომ მისთვის ბარიერი არავის შეუქმნია იმის გამო, რომ ის რუსეთის მოქალაქე იყო, ან ფინანსები მოეთხოვათ და ამიტომ რაღაც დაეკლოთ. თანაბარი ყურადღებით ვექცევით ყველას, არავის ვტოვებთ განსაცდელში, რომელი ქვეყნის მოქალაქეც არ უნდა იყოს. ახლა კი ასეთი მდგომარეობააა, რომ თავის თანდაყოლილი დაავადებებიდან გამომდინარე, სჭირდება კარდიოქირურგიული, გულზე ქირურიული ჩარევა. ჩვენ მზად ვართ და შევთავაზეთ მას, რომ ეს საქართველოში კეთდება ძალიან კარგად და მას არანაირი ფინანსური ბარიერი არ ექნებოდა. სახელმწიფო დაეხმარებოდა ამ ოპერაციის დაფინანსებაში, თუმცა მშობლებს სურვილი აქვთ, რომ ეს ოპერაცია რუსეთში გაკეთდეს და ითხოვენ, რომ სპეციალური თვითმფრინავით მოხდეს ბავშვის გადაყვანა. ჩვენი შეთავაზება ძალაშია, ამ ბავშვისთვის არაფერი დაგვიკლია. ოპერაციაზე თუ დათანხმდებიან, გავუკეთებთ ისე, რომ მათ თანხა არ დაეხარჯებათ. რაც შეეხება მათ სურვილს, ცხადია მათი შვილია და მათი გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენ მოკლებული ვართ იმის შესაძლებლობას, რომ კონკრეტულად საჰაერო რეანომობილი ვიქირავოთ და გადავიყვანოთ. ვთავაზობთ იმას, რასაც ვთავაზობთ და განსაცდელში არ ვტოვებთ.
ხაზი მინდა გავუსვა, რომ რამდენიმე სიუჟეტი ვნახე და გული დამწყდა იმაზე, რომ მართლა არ შეიძლება ასე ყველაფრის პოლიტიზირება, რომ აი, რუსეთს ვთხოვთ დახმარებას. არაფერი დაგვიკლია ამ ბავშვისთვის. მათ აქვთ თვითონ სურვილი, რომ გადაფრინდეს რუსეთში. ამასთან დაკავშირებით დახმარების კუთხით შესაძლებლობას მოკლებული ვიქნებით. საბოლოო ჯამში, ბავშვს სჭირდება ტრანსპლანტაცია, თუმცა ტრანსპლანტაციამდე – კიდევ ერთი ეტაპობრივი ქირურგიული ჩარევა“, – განაცხადა დავით სერეგენკომ.