„მოქალაქეობის შესახებ“ კანონი ამოქმედდა, რომლის გათვალისწინებით, საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს დღეიდან საშუალება ექნებათ, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართონ. ამის შესახებ 1tv წერს.
პარლამენტმა საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებით ცვლილებები საგაზაფხულო სესიაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა. ინიციატივის მომზადება კი, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებმა განაპირობა, რომლის მიხედვითაც, ორმაგი მოქალაქეობა დასაშვები ხდება.
კანონით სიახლე დროებითი უფლება დაინერგა, რომლის გათვალისწინებით, საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგა, უფლება აქვს, 2020 წლის 31 დეკემბრამდე სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით მიმართოს.
კანონის მიხედვით, პირს მოქალაქეობა აღუდგება, თუ რამდენიმე მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მათ შორის: დადგენილ ფარგლებში უნდა ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას, ასევე თუ არ მიმდინარეობს მისი ძებნა ან მის მიმართ არ ხორციელდება საექსტრადიციო ან გაძევების პროცედურები.
ამასთან, კანონით კონკრეტდება, რომ პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობა მის არასრულწლოვან შვილსაც მიენიჭება.
ამავე დროს, ვიღებთ გარკვეულ სამართლებრივ ბარიერსაც, რათა საქართველოს მოქალაქეობა არ იქნეს გამოყენებული ქართული სახელმწიფოს საზიანოდ. კერძოდ, ამის მაგალითებია: ჩვეულებრივი წესით მოქალაქეობის მინიჭებისას 5-წლიანი ცხოვრების ცენზის 10 წლამდე გაზრდა და გამარტივებული წესით მოქალაქეობის მინიჭებისას 2 წლიანი ცხოვრების ცენზის 5 წლამდე გაზრდა.