ბორჯომში ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი აღნიშნეს.
ამ დღესთან დაკავშირებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და საზოგადოების წარმომადგენლები შინ მოუსვლელთა სახელობის სკვერში შეიკრიბნენ. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა მემორიალი გვირგვინით შეამკო და ომის ვეტერანებსა და შეკრებილებს გამარჯვების დღე მიულოცა.
მან სიტყვით მიმართვისას მეორე მსოფლიო ომში, ქართველთა წვლილსა და მათ უსაზღვრო თავდადებაზე ისაუბრა. 9 მაისის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება ასევე დამსწრე საზოგადოებამ. ღონისძიებას მუსიკალურ ფონად ადგილობრივ ანსამბლ „ბორჯომის“ ჰანგები გასდევდა.
მოგვიანებით საზეიმო სვლა “ძმათა სასაფლაოზე” მოეწყო, სადაც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი და გმირთა საფლავები გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს. მამა მასილმა კი ომში გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
დღის ბოლოს, ბორჯომის მუნიციპალიტეტმა ომის ვეტერანები საზეიმო ვახშამზე მიიპატიჟა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ბორჯომში მცხოვრებ 23 ომის ვეტერანს ადგილობრივი ხელისუფლებისაგან 200 ლარი პირად საპენსიო ანგარიშზე ჩაერიცხათ.