ბოლო პერიოდში განხორციელდა არაერთი რეფორმა, რათა სასამართლო სისტემას ჰქონოდა რეალური დამოუკიდებლობა, რაც მიღწეულია, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომელიც უპრეცედენტო გარანტიებს ქმნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის.
“რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს, როგორც დაანონსებულია, აღნიშნულ საკითხზე უახლოეს მომავალში გაიმართება შეხვედრა ფართო ჩართულობით, სადაც დაზუსტდება დეტალები კრიტერიუმებთან მიმართებაში. რაც შეეხება მიმდინარე პროცესებს, მინდა განვაცხადო, რომ ბოლო პერიოდში განხორციელდა არაერთი რეფორმა, რათა სასამართლო სისტემას ჰქონოდა რეალური დამოუკიდებლობა, რაც მიღწეულია. საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომელიც უპრეცედენტო გარანტიებს ქმნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის, თუმცა დღეს გვესმის სინანულის ტონით გაკეთებული განცხადებები და ვფიქრობ, ეს ძალიან არასწორია” , – განაცხადა მიქაუტაძემ.
მისივე თქმით, როგორც პარლამენტის სპიკერთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ, მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებული კონკურსის საკითხებზე მსჯელობა გაიმართება.
“უნდა დაკონკრეტდეს, რას გულისხმობს კონკურსი. დეტალებზე საუბრისგან მე თავს შევიკავებ იმიტომ, რომ ეს უნდა გახდეს მსჯელობის საგანი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება ჩვენი პოზიცია და ჩვენი ხედვა ამასთან დაკავშირებით” , – განაცხადა მიქაუტაძემ.