არჩილ გომიაშვილი იხსენებდა: „ციმბირში ჩავედი საგასტროლოდ. სხვადასხვა ქალაქში ვატარებთ კონცერტებს. მირეკავს ადმინისტრატორი, მოკითხვის შემდეგ კი მეუბნება:
– ამჯერად კონცერტის გამართვა უჩვეულო აუდიტორიაში მოგიწევს. სამაგიეროდ, საუზმითა და სადილ-ვახშმით უზრუნველყოფილი იქნები.
– კეთილი, – დავეთანხმე მე და მერეღა ვკითხე, – მაინც სად მიგყავარ?
– სამხარეო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.
უარის თქმა უკვე გვიანი იყო. მივედით. იქაურმა ადმინისტრატორმა გულითადად მიგვიღო, გვითხრა: სწორედ რომ, დროულად მოგვისწარითო და სასადილოში შეგვიძღვა.
ვხედავ, დარბაზში გამოჯანმრთელების გზაზე დამდგარი ავადმყოფები სადილობენ, მათ კი უკვე გამოჯანმრთელებულნი ემსახურებიან. რატომღაც ეს ვერ გავითვალისწინე და ქურქი რომ გავიხადე, რიხიანად წამოვიძახე: ისე მშია, შეუჭმელი არავინ და არაფერი გადამირჩება-მეთქი.
ამის თქმა ძლივს მოვასწარი, თითქოს გრიგალი ამოვარდაო. ერთბაშად აიშალა ყველა, სასადილო მთლიანად დაიცალა. ეტყობა, ეგონათ, ახალი ავადმყოფი მოიყვანესო. ექიმები ბევრს ემუდარნენ მზარეულსა და მებუფეტეს: დაბრუნდით და მოგვემსახურეთო, მაგრამ ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს. რა თქმა უნდა, ვეღარც კონცერტი გავმართეთ და მშივრებიც დავრჩით“.
http://tbiliselebi.ge