ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში ფეთჰულა გიულენზე საუბრობს და ამბობს, რომ ის ამერიკის პოლიტიკურ წრეებთან ძალიან დაახლოებული პიროვნებაა.
თურქეთში მომხდარ სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში თურქეთის ხელისუფლება სწორედ ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს.
„2003 წელს ერდოღანი ფეთჰულა გიულენის დახმარებით მოვიდა ხელისუფლებაში. ისინი პოლიტიკურად და იდეოლოგიურად ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, მაგრამ შემდეგ მათი გზები გაიყო და მტრები გახდნენ.
აღსანიშნავია, რომ თურქეთში არაერთი მედიასაშუალება დაიხურა იმ მიზეზით, რომ მათ ფეთჰულა გიულენი აკონტროლებდა. ისიც ცნობილი ფაქტია, რომ გიულენი საქართველოში დემირელის სახელობის კოლეჯსა და კიდევ რამდენიმე სასწავლო დაწესებულებას ფლობს. თურქეთის ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებას დაბეჯითებით სთხოვდა, ფეთჰულა გიულენის მფლობელობაში არსებული სასწავლებლები დაეხურა, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება ამაზე არ წავიდა! ფეთჰულა გიულენი ამერიკის პოლიტიკურ წრეებთან ძალიან დაახლოებული პიროვნებაა. იგი ჟურნალმა „ტაიმსმა” 2013 წელს მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა!
მოკლედ, ფეთჰულა გიულენი აშშ-ის ხელისუფლების თვალში ძალიან სიმპათიური ფიგურაა!” – ამბობს მამუკა არეშიძე.