„საუბარი „კლანის“ შესახებ უნდა დასრულდეს“, – ასე გამოეხმაურა სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძე იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებას, სადაც მოსამართლეებს „კლანი“ უწოდა. ლევან მურუსიძემ, სიტყვით გამოსვლისას, განმარტა, რომ ყველა მოსამართლე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ერთ აზრს აფიქსირებს, არაფერია გასაკვირი. “სასამართლოს დამოუკიდებლობის გარშემო მთელი მოსამართლეთა კორპუსია გაერთიანებული და ყველა არის ერთ აზრზე. საუბარი „კლანის“ შესახებ უნდა დასრულდეს. შეუძლებელია, რომ საქართველოში არსებული ყველა მოსამართლე წარმოადგენდეს „კლანს“. მე ნაზი ჯანეზაშვილს და არასამთავრობო სექტორსაც მოვუწოდებ, რომ ურთიერთობის კონსტრუქციულ რეჟიმში გადავიდეთ.
რაც შეეხება ერთსულოვნებას, თუ ჟურნალისტებისთვის ცენზურის დაწესებაზე იქნება საუბარი, რამდენ ჟურნალისტს ექნება განსხვავებული აზრი? მე დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი მიიღებს იმ კანონს, რომელიც საზოგადოებისთვის არის მისაღები. საუბრობენ მოსამართლეების სასამართლოდან გაყრაზე, უწოდებენ ჯალათებს, საზოგადოებაში მათ მიმართ სიძულვილს თესავენ. ზუსტად ამის ფონზე ერთიანდებიან მოსამართლეები. რა არის ამაში გასაკვირი? ” – განაცხადა მურუსიძემ.
მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციას 279 მოსამართლე ესწრება.
ლევან მურუსიძე: საუბარი „კლანის“ შესახებ უნდა დასრულდეს
2019/01/26 17:03:00

კომენტარები
ნანახია: 547 ჯერ