რედაქციისაგან: „ევროპეისკაია პრავდაში“ ამერიკელმა მკვლევარმა ლინკოლნ მიტჩელმა სტატია გამოგვიგზავნა გამოსაქვეყნებლად. იგი უკრაინასა და საქართველოში ვიზიტების დროს მოულოდნელ დასკვნამდე მივიდა. „მოულოდნელიო“, იმიტომ ვამბობთ, რომ ჩვენთან, უკრაინაში, ამ საკითხზე საუბარს თავს არიდებენ, თუმცა ის საქართველოსთვის რაიმე ახალ მოვლენად არ ითვლება. სხვათა შორის, „ევროპეისკაია პრავდას“ ჟურნალისტებს ამ საკითხზე ქართველი კოლეგებისაგან არაერთი საყვედური მოუსმენიათ.
ჩვენ ლინკოლნ მიტჩელის პოზიციის გამოქვეყნება გადავწყვიტეთ. ამავე დროს მზად ვართ სიტყვა მეორე მხარესაც მივცეთ. კიევსა და თბილისს საერთო მტერი ჰყავს და თუ პრობლემა ჩვენს ურთიერთობაში არსებობს, უმჯობესია ამ პრობლემაზე ღიად ვისაუბროთ, ვიმსჯელოთ და გადავჭრათ, ვიდრე დავმალოთ.
„საქართველოსა და უკრაინაში გატარებული რამდენიმე კვირაც კი საკმარისია, რომ ამ ორი ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების მსგავსება დავინახოთ. ორივე ცდილობს დემოკრატიის განმტკიცებას და დასავლეთთან ურთიერთობის გაფართოებას (ევროკავშირთან და ნატოსთან) უკრაინას და საქართველოს დღემდე ვერ დაუძლევიათ რუსეთის აგრესიის შედეგები, ორივეს ტერიტორია მოსკოვის მიერ ოკუპირებულია ან ნაწილობრივ დანგრეული. და იმავდროულად არის რაღაც დამაინტრიგებელი, უფრო მეტად კი შემაშფოთებელი განსხვავებები ამ ორ ქვეყანას შორის, ფაქტები, რომელიც ყოველთვის არ ხვდება ჩვენს თვალსაწიერში.
ქართველთა დიდი ნაწილი, განსაკუთრებით კი პროდასავლურად განწყობილები, უკრაინას გულწრფელად უსურვებენ წარმატებებს რეფორმების გატარებასა და დასავლეთთან ინტეგრაციაში. უფრო მეტიც, ისინი თვლიან, რომ უკრაინის მთავრობა ძირითადად სწორ გზას ადგას. ბათუმში, სადაც მე კონფერენციაში ვმონაწილეობდი, უკრაინისადმი მხარდაჭერა და მისი კურსის დადებითი შეფასება თითქმის ერთხმად იქნა გამოხატული.
და აი, აქ არის განსხვავება იმაში, თუ როგორი დამოკიდებულებაა აქვთ უკრაინელებს ქართველებისადმი და საქართველოში მიმდინარე მოვლენებისადმი. უკრაინაში ბევრი თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლებაში რაღაც დოზით პრორუსული ძალები არიან, რომლებიც თითქოსდა დასავლეთთან ინტეგრაციას აცხადებენ, მაგრამ ბოლომდე გულწრფელები მაინც არ არიან. პრინციპში, ასეთი სურათი მოულოდნელი არ უნდა იყოს, თუ ორივე ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში გავერკვევით და თან „მიხეილ სააკაშვილის ფაქტორს“ გავითვალისწინებთ.
ყველასათვის ცნობილია, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, რომლის პარტიამ 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამანადგურებელი მარცხი განიცადა, 2013 წელს თანამემულეების მხარდაჭერა დაკარგა და პოლიტიკაში დაბრუნება მხოლოდ უკრაინაში მოახერხა. ამიტომაც უკრაინელებმა საქართველოს უახლესი ისტორია მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისეული ვერსიით იციან, რომლის თანახმად, იგი ანტირუსულად განწყობილი გმირია, რომელმაც კორუფცია აღმოფხვრა, რომელმაც თავისი ქვეყანა დემოკრატიას აზიარა, თუმცა შემდეგ ბიძინა ივანიშვილის გუნდთან წააგო.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ვერსია სინამდვილეს მხოლოდ მცირედ თუ ასახავს, ის უკრაინაში მაინც ფართოდაა გავრცელებული, განსაკუთრებით პროდასავლურ წრეებში.
მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის პოლიტიკური წარმატება უკრაინაში მაშინ, როცა საქართველოში მასზე სისხლის სამართლის ძებნაა გამოცხადებული, მოსახლეობას თავგზას უბნევს და ორივე ქვეყნისათვის ცუდი შედეგი მოაქვს.
საქართველო და უკრაინა ერთმანეთისათვის ბუნებრივი მოკავშირეები უნდა იყვნენ, ერთად უნდა გამოვიდნენ რუსული აგრესიის წინააღმდეგ და ასევე ერთად უნდა დააჩქარონ დასავლეთთან – ევროკავშირთან და ნატოსტან ინტეგრირება. ქართველებმა და უკრაინელებმა ერთმანეთისაგან უნდა ისწავლონ, ერთმანეთს უნდა გაუზიარონ რეალური გამოცდილება და არა ისეთი პოლიტიკურად მოტივირებული, როგორიც ახლაა.
მაგალითად, უკრაინამ მართლაც უნდა გაიზიაროს მიხეილ სააკაშვილის გამოცდილება კორუფციის რადიკალური აღმოფხვრასა და საქართველოში პროდასავლური კონსენსუსის შექმნაში. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ კიევმა გააცნობიეროს: იმ მოვლენებმა, რაც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ხდებოდა, განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში (სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, აქციების დარბევა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნა და ა.შ), საქართველოს ხელი შეუშალა და მისი ევროპული ინტეგრაცია შეაყოვნა.
შესაძლოა კიევიდან კარგად არ ჩანს, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველო დღესაც, [როცა სააკაშვილი და მისი პარტია ხელისუფლებაში აღარ არის], ევროკავშირისა და ნატოსაკენ მიაბიჯებს. საქართველომ, ისევე როგორც უკრაინამ, ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას 2014 წელს. ეს სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს მოხდა – „ქართული ოცნებისა“, რომელმაც სააკაშვილის „ნაციონალური“ ხელისუფლება შეცვალა. გარდა ამისა, საქართველოს მიმდინარე წელს უვიზო რეჟიმის მიღების შესაძლებლობაც აქვს. მართალია, უახლოეს ხანში საქართველოს მიზნის განხორციელება – ევროკავშირში გაწევრიანება ვერ მოხერხდება, მაგრამ ქვეყანაში ამ მხრივ მრავალპარტიული კონსენსუსი არსებობს.
ამ ყველაფერს ევროპელი ლიდერებიც ამჩნევენ. ეს ის ლიდერები არიან, რომლებიც უკრაინასაც წარმატებას უსურვებენ რუსული აგრესიის წინააღმდეგობაში.
ის, რომ საქართველოს დღევანდელი მთავრობა პროდასავლურია, აქსიომად ითვლება ევროპელი და ამერიკელი დიპლომატებისათვის, პოლიტიკოსებისათვის – მათთვის, რომლებსაც გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვთ.
როცა უკრაინა ამ ყველაფერს ეჭვქვეშ აყენებს, ამით კიევი რისკავს, რომ ბევრ ევროპელს თუ ამერიკელს დაშორდეს, ასევე ქართველებსაც, საქართველოს – ქვეყანას, რომელსაც ყველაზე მეტად სურს თქვენდამი დახმარება.
უკრაინა და საქართველო ერთმანეთისადმი კონკურენტები არ არიან.
როცა ნატო და ევროკავშირი მზად იქნებიან მორიგი გაფართოებისათვის, იქ ორივე სახელმწიფოსთვის იქნება ადგილი. დღეს კი, ერთად მუშაობით, მათ ერთმანეთის ძალისხმევის კოორდინირება უნდა მოახდინონ და ისეთი სტრატეგია გამოიყენონ, რომელიც ორივესთვის სასარგებლო იქნება.
მაგრამ ეს შეუძლებელი იქნება, თუ უკრაინაში საქართველოს იმიჯი დამახინჯდება, თუ ორი ქვეყნის ურთიერთობას ოდესის გუბერნატორის პოლიტიკური ამბიციები მოწამლავს – გუბერნატორისა, რომელიც უკრაინაში პოლიტიკური პარტიის შექმნას ცდილობს და იმავდროულად დაპირებებს იძლევა საქართველოში ტრიუმფალურ დაბრუნებაზე.
სამწუხაროდ, ეს სწორედ ისაა, რაც ბოლო დროს [უკრაინაში] ხდება“.
„ნიუსპრესი“