ნათია ბერიძე ის ჟურნალისტია, რომელმაც 20 ივნისს პარლამენტთან ოპოზიციის ლიდერების პირისპირ საუბარი ტელეფონით ჩაიწერა.
მიცემულ ჩვენებაში ნათია ბერიძეს კონკრეტულად აქვს მითითებული „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სახელები და გვარები: მათ შორის არიან ნიკა მელია, გრიგოლ ვაშაძე, გიგი უგულავა და სხვები.
„აქვე მინდა აღვნიშნო რომ სხვა ნაცმოძრაობის ლიდერებთან შედარებით, ნიკა მელია იყო ყველაზე აქტიური, იგი აკეთებდა ძალადობრივ მოწოდებებს, მის მიერ გაჟღერებულ ძალადობრივ მოწოდებებს მოჰყვებოდა განსაკუთრებული აგრესია პოლიციის მისამართით. პარლამენტში შესვლის მოწოდებებს აჟღერებდნენ ასევე სხვა ლიდერებიც – გრიგოლ ვაშაძე, გიგი უგულავა, გიორგი ბარამიძე, გუბაზ სანიკიძე, სერგო რატიანი, ხატია დეკანოიძე, ბაჩუკი ქარდავა, ლევან სამუშია, შალვა შავგულიძე ნიკა გვარამია და ეკა ხერხეულიძე“ , – ნათქვამია ჩვენებაში.
თბილისში საყოველთაო პროტესტი რუსი დეპუტატის ვიზიტს მოჰყვა, რომელიც ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში დაიწყო.
იმავე ღამით, პარლამენტთან ათასობით მოქალაქე შეიკრიბა. აქტივისტებმა მაღალჩინოსნების გადადგომა მოითხოვეს.
ულტიმატუმის ამოწურვის შემდეგ, მომიტინგეებმა პარლამენტის შტურმით აღება სცადეს.
ამის შემდეგ პოლიციამ აქციის დაშლის გადაწყვეტილება მიიღო.
სამართალდამცველებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები.
დაპირისპირების დროს დაშავდა 240 ადამიანი. მათ შორის 80 პოლიციელი. ორმა მოქალაქემ თვალი დაკარგა. აქციაზე დაშავდნენ ასევე ჟურნალისტები.
სამართალდარღვევისთვის დააკავეს 305 პირი.
ძალის გადამეტების ფაქტზე 10 სამართალდამცველს უფლებამოსილება შეუჩერდა. ორის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაული გამოიკვეთა.