19 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, პროექტის – „ქართულ-აფხაზური სამუსიკო დიალოგის“ ფარგლებში, თბილისში, თურქეთში მცხოვრები ქართველების, აფხაზების, ოსებისა და კავკასიის სხვა ერების წარმომადგენელთა ერთობლივი კონცერტი გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონცერტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ანსამბლ ,,შავნაბადას“ მოწვევით ტარდება.
ჩვენებურების ვიზიტი, 19 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრამდე გასტანს. ამ დღეების განმავლობაში სტუმრები სხვადასხვა საინტერესო აქტივობის მონაწილენი გახდებიან.
21 ოქტომბერს, დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში გაიმართება ანსამბლ ,,შავნაბადასა“ და ,,კავკასიელი არწივების“ ერთობლივი კონცერტი, 22 ოქტომბერს, „ქართულ-აფხაზური დიალოგის ფარგლებში“, აფხაზეთის მთავრობის მიწვევით, სტუმრებთან შემაჯამებელი შეხვედრა რესტორან ,,აფხაზეთში“ შედგება.
სტამბოლში მცხოვრები ემიგრანტის, პროზაიკოსისა და პოეტის, კაფე ,,გალაკტიონის“ დამფუძნებლის ირაკლი კაკაბაძის თაოსნობით, თურქეთში, ქალაქ სტამბოლში რამდენჯერმე მოეწყო ქართულ-აფხაზური მუსიკის მასტერკლასები, რომელსაც ანსამბლ „შავნაბადას“ ხელმძღვანელი დათო ცინცაძე უძღვებოდა. ამავე ვიზიტის ფარგლებში, სტამბოლის ერთ-ერთ პროტესტანტულ ტაძარში ქართულ-აფხაზური მუსიკის კონცერტი გაიმართა, რომელსაც აფხაზები, ქართველები და ადგილობრივი მცხოვრებლები ესწრებოდნენ.
ქართული მუსიკისადმი დიდი სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვის მიზნით, ამჯერად უკვე ჩვენებურები, რომელსაც ანსამბლი ,,კავკასიელი არწივები“ წარმოადგენს (ხელმძღვანელი ზურაბ ტარიელაძე), საქართველოს ეწვევა.
თურქეთში მცხოვრები ჩვენებურები საქართველოში კონცერტს გამართავენ
2019/10/17 12:39:29
კომენტარები
ნანახია: 772 ჯერ