ტირილს ვერ ვიკავებდი, როდესაც ეს პოლიტპატიმრები ციხიდან გამოვიდნენ და ვნახე, რა მდგომარეობაში იყვნენ ისინი, ხოლო როდესაც ვანო მერაბიშვილი გამოვიდა ციხიდან, ის სანატორიუმიდან გამოსულს ჰგავდა, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ 2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბის ეკლესიასთან მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა განაცხადა.
„როდესაც ვანო მერაბიშვილი ციხიდან გამოვიდა, ის სანატორიუმიდან გამოსულს ჰგავდა – ის მშვენიერად გამოიყურებოდა, მაშინ როდესაც მე მახსოვს გაუბედურებული, ნამდვილი პოლიტპატიმრები, მაგალითად ვახტანგ მაისაია, სულხან მოლაშვილი. ტირილს ვერ ვიკავებდი, როდესაც ეს პოლიტპატიმრები ციხიდან გამოვიდნენ და ვნახე, რა მდგომარეობაში იყვნენ ისინი. სად იყვნენ მაშინ ეს ევროპარლამენტარები? მე არ მახსოვს, რომ ვინმეს თანადგომა გამოეხატა ჩვენდამი, როდესაც შველას ვითხოვდით და მთელ მსოფლიოს ვაგებინებდით ამის შესახებ. მე არ მიკვირს, ვინაიდან კარგად ვიცი, როგორ ჰყავდა მოსყიდული სააკაშვილს ეს ევროპარლამენტარები. რა გასაკვირია, რომ მათ კარგად უხდიდნენ და ამიტომაც გვაქვს ასეთი შედეგი. საბედნიეროდ, ამ რამდენიმე ევროპარლამენტარით მსოფლიო არ შემოიფარგლება და უმეტესობამ კარგად იცის, რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში.
ძალიან ცინიკური და სასაცილოა, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი ზის მოლაპარაკებების მაგიდასთან გიგა ბოკერიას გვერდით, მაგრამ უარს ამბობს მერაბიშვილთან საუბარზე. ეს ძალიან სასაცილოა, მაგრამ კარგია, რომ ლუსტრაცია მოხდა და ხალხმა დაინახა, ვინ რას წარმოადგენს სინამდვილეში. ვისთან ერთადაც 9 წლის განმავლობაში ვიდექი, უმრავლესობა თურმე მხოლოდ სკამებისთვის იბრძოდა, და არა სამართლიანობისთვის“, – განაცხადა მეტრეველმა.