“ოპოზიციის წარმომადგენლები დათვურ სამსახურს უწევენ ტურიზმის ინდუსტრიას, როცა ისეთ სურათს ხატავენ, თითქოს, რაღაც კატასტროფა ხდება ტურიზმში”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, მთავარია, ქვეყნის იმიჯი არ შეილახოს, რათა არ შეიქმნას ისეთი სურათი, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.
“ზოგიერთმა პოლიტიკოსმა გადაწყვიტა, რომ იაფფასიანი ქულები დაიწეროს ახლა, ვითომ, ტურიზმს დაუდგა გამოწვევა. ისინი დათვურ სამსახურს უწევენ ტურიზმის ინდუსტრიას, როცა ისეთ სურათს ხატავენ, თითქოს, რაღაც კატასტროფა ხდება ტურიზმში. ვგულისხმობ ოპოზიციას, ვინც გამოდის და ეჯიბრება ერთმანეთს, თითქოს ტურიზმის გვერდში დგომაში. არ მინდა, კონკრეტულად დავასახელო პიროვნებები. ვფიქრობ, რომ ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, რადგან, სამწუხაროდ, იაფფასიანი ქულების დაწერის მსურველი ბევრია ქვეყანაში და მე მათ მინდა, ვუთხრა, რომ შეხვდნენ ტურიზმის ინდუსტრიას და მოუსმინონ.
პირველ ყოვლისა, მთავარია, არ დავაზარალოთ ქვეყნის იმიჯი და არ დავხატოთ ისეთი სურათი, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს და მომავალშიც, როდესაც კორონავირუსის საფრთხე გადაივლის, არ დავაზარალოთ ჩვენი ტურიზმის ინდუსტრია“, – განაცხადა ნათია თურნავამ.