თელავში შუახნის ქალმა თვითიზოლაციის წესები დაარღვია და პირველ მარტს, იტალიიდან დაბრუნებული სილამაზის სალონში შევიდა, სადაც მან ღიად ისაუბრა, რომ მასთან ერთად დაბრუნებულ ერთ მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა.
ფაქტს დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების წარმომადგენელიც ადასტურებს. ნელი ხიზანიშვილი “რეგიონულ კვირასთან” განმარტავს, რომ ინფორმაცია მომხდარის შესახებ დროულად მიიღო, თუმცა დასძენს, რომ პიროვნებას ამ დროისთვის კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.
“ქალბატონის შესახებ ინფორმაციას ვფლობდით, სალონში შესვლისთანავე მას დაატოვებინეს შენობა, რის შემდეგაც პირმა თვითნებურად დატოვა ტერიტორია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მას არანაირი სიმპტომი ვირუსის არ აღენიშნება”, – განმარტავს ხიზანიშვილი.
ცნობისთვის, კახეთის რეგიონის მასშტაბით, დედოფლისწყაროს გარდა, სხვა შვიდ მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 41 პირი იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევა დადასტურდა.