„ქართულმა ოცნებამ“, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, მთლიანად შეცვალა პოლიტიკური ფილოსოფია და სახელმწიფოს ღერძად, უმთავრეს პრიორიტეტად, ადამიანი აქცია. სწორედ ამიტომ, ერთი კაცის შეუზღუდავ ძალაუფლებაზე მორგებული, მახინჯი კონსტიტუციის ნაცვლად, ახალი, ჭეშმარიტად ევროპული სტანდარტის კონსტიტუცია მივიღეთ, რადგან ეს არის ევროპული გზა, ნამდვილი ევროპული ღირებულება, – დემოკრატია სხვა ღირებულებას უბრალოდ, არ იცნობს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, „ ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ჯანდაცვაზე, სოციალურ მხარდაჭერაზე, უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნაზე ჯერადობით მეტ სახსრებს მიმართავს, ვიდრე ოდესმე დახარჯულა.
„რეჟიმის ცხრაწლიანი მმართველობის დროს, ჯანდაცვაზე, სულ 2 მილიარდ 700 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში – 8 მილიარდ 100 მილიონი ლარი, ანუ 3-ჯერ მეტი.
ჯანდაცვა ხელმისაწვდომი გახდა ყველასთვის. ასევე გაიზარდა, და პრაქტიკულად გაორმაგდა, მოსახლეობის სოციალური დახმარებები. ბოლო შვიდ წელიწადში, სოციალურ დახმარებებზე მიმართულია 2 მილიარდ ლარზე მეტი, მაშინ როცა, წინა ხელისუფლების პირობებში, მხოლოდ 820 მილიონი ლარი იყო დახარჯული. გაორმაგებულია პენსიაც და ზრდა მოხდება ყოველწლიურად.
რასაკვირველია, არც ამ პროგრესს იმჩნევენ ჩვენი წინამორბედები, რომლებმაც ჯანდაცვის სფეროში ხალხს თავი „ღიმილიანი საქართველოს“ სამარცხვინო პროექტით დაამახსოვრეს.
კორონავირუსთან ბრძოლის ეფექტურობას გვიწუნებს ძალა, რომლის ჯანდაცვის მინისტრმა, „ქათმის გრიპად“ ცნობილი პანდემიის დროს, თავი იმით გამოიჩინა, რომ ბედობა დღეს დაგვამშვიდა – არ იღელვოთ, მოსახლეობის მესამედი დაიხოცება ამ ვირუსითო.
ისევე როგორც ხელნაწერები, არც ვიდეოარქივები იწვის, და ამიტომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია, გადაამოწმოს ზემოთქმული“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.