საფრანგეთმა სირიაში კონფლიქტის დარეგულირების მიზნით, გაერო-ს უშიშროების საბჭოში რეზოლუციის ახალი პროექტი წარადგინა.
დოკუმენტი ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტას სირიის იმ რაიონებში, სადაც ამჟამად აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.
სააგენტო AFP-ს ცნობით, აღნიშნულ დოკუმენტზე რუსეთმა, აშშ-მ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და ჩინეთმა იმსჯელეს.
რეზოლუციის პროექტის თანახმად, სირიის და რუსეთის ავიაციამ უნდა შეწყვიტონ ფრენები, გარდა ამისა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მონიტორინგს განახორციელებენ ე.წ. სირიის მხარდაჭერის საერთაშორისო ჯგუფის წარმომადგენლები, სადაც თანათავმჯდომარეები აშშ და რუსეთი არიან.
რუსეთი სირიაში საჰაერო ოპერაციას ერთი წელიწადია, რაც ატარებს. უფლებადამცველების ცნობით, ამ პერიოდის განმავლობაში სირიაში 9 364 ადამიანი დაიღუპა, აქედან 3 804 სამოქალაქო პირი იყო.