დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, კორონავირუსზე სხვადასხვა ჯგუფში ჩატარებული ტესტირების მონაცემები დამაიმედებელია.
მისივე თქმით, ეს მიანიშნებს, რომ საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურდება და მნიშვნელოვანია, ეს შენარჩუნებული იყოს.
„ძალიან საინტერესო მონაცემები გვაქვს დღეისთვის, დაახლოებით 4 000-ზე მეტი ტაქსის მძღოლი არის კორონავირუსზე გატესტილი და თუ არ ვცდები, ტაქსის მძღოლში დადებითი 0.7 პროცენტია. ასევე, 4 000-მდე აგრარული ბაზრის მოვაჭრეები არიან გატესტილები და მათში 0.9 პროცენტია დადებითი. საკმაოდ დამაიმედებელი მონაცემებია. ასევე ყველა კონფესიის რელიგიის მსახურებიდან 1 800 არის გატესტილი, იქაც დადებითობის მაჩვენებელი ერთ პროცენტამდეა.
ასე რომ, ყველანაირ ჯგუფში ტესტირება გვაჩვენებს, რომ სტაბილიზაციისკენ მივდივართ, მთავარია, ეს შევინარჩუნოთ, რათა როცა გავიხსნებით, მაქსიმალურად დაბალ ციფრებზე იყოს ყოველდღიური ავადობა და რამენაირად მესამე ტალღას გავეპაროთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.