“ვერაფრით დავიჯერებ ნიკოლოზ ბასილაშვილის მოძალადეობას”, – “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„ყველაზე მაღალი პოლიტიკური ტრიბუნა ეს ტრიბუნაა და ამ ტრიბუნიდანაც მსურს, მადლობა ვუთხრა უკვე ლეგენდარულ სპორტსმენს, ნიკოლოზ ბასილაშვილს. შეიძლება, დიდ ქვეყნებში არც არაფერი, ასეთი ბევრი წარმატება აქვთ ხოლმე იქაურ სპორტსმენებს, მაგრამ ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ეს სპორტიც არის, პოლიტიკაც არის, ხელოვნებაც არის და რა ვიცი, კულტურაც არის ერთბაშად. დიდი მადლობა მსურს, როგორც ერთმა მოქალაქემ ერთ მოქალაქეს, როგორც ერთმა ქართველმა ერთ ქართველს, ვუთხრა იმ თავდაუზოგავი შრომისა და იმ წარმატებისთვის, რომ საქართველოს სახელი, ჩვენი ერის სახელი ასე გაიტანა მთელს მსოფლიოში. მით უფრო, იმ ფონზე, რაც მას თავს დაატყდა. როგორც კონსტანტინე გამსახურდია იტყოდა, წარმატებული კაცი რომ გამოგვერევა ხოლმე, მერე მზად ვართ, დავკორტნოთ ყველამ, განსაკუთრებული ჟინით, შემართებით და ამ ახალგაზრდა კაცსაც ასე უტევდა ძალიან ბევრი.
ვერაფრით ვერ დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას; არც უჩანს, რომ ეს კაცი მოძალადეა და პირიქით, ვნახეთ კიდევაც, მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან წამებში მან სიტყვა წარმოთქვა და, პირველ ყოვლისა, თუ ვინმეს მიმართა და თავისი წარმატება მიულოცა, ეს არის მისი მცირეწლოვანი შვილი. ალბათ, ყველა ამის მოსმენით გულაჩუყებული ვიყავით. მადლობა ნიკოლოზ ბასილაშვილს თავგანწირული ბრძოლისთვის, შრომისთვის, წარმატებისთვის და ყველა ქართველ სპორტსმენს მსგავსის გამეორებას ვუსურვებ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.