რა გახდა ლევან მამალაძის შეწყალება, რა დააშავა ამ კაცმა ასეთი, რომ 19 წელია ქვეყნიდან წასულია, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პლენარული სხდომაზე განაცხადა.
მან პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს საზღვარგარეთ მყოფი ყოფილი მაღალჩინოსნის შეწყალება სთხოვა.
„ჩვენი პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულების ამნისტირებაზე, თავისი პრინციპებითა და შეხედულებებით. იყვნენ მსჯავრდებულები, რომლებიც თხოვნით, შუამდგომლობით, სხვადასხვა პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე შეიწყალა. ხალხს, რომელსაც ჰქონდა მილიონები მითვისებული და ათასი სხვა რამ. რა გახდა ლევან მამალაძის შეწყალება. ადამიანი, რომელიც თითქმის 19 წელია საქართველოში არ არის. ლევან მამალაძე ჩემი არც მეგობარია, არც ნათესავია, მე მას უბრალოდ ვიცნობ და გული მტკივა. რა გააკეთა ამ კაცმა, რა ოქროს ზოდები წაიღო, თუ რამე მოიპარა ამ 19 წლის განმავლობაში, ხომ გამოჩნდებოდა. კანონის უზენაესობა თუ არ იქნება ყველას მიმართ, ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.