ჩვენი სომეხი მეგობრები მოწადინებული არიან იმისთვის, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტი დინამიზმით განვითარდეს– ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სომხეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ახალი გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ერევანში ძალიან მნიშვნელოვანია.
“ეს არის პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის პირველი ვიზიტი პრემიერ-მინისტრის რანგში და ვფიქრობ, რომ უაღრესად სასარგებლოა იმისთვის, რომ მოხდეს პოზიციების შეჯერება, გაცვლა შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით და ასევე, იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე და განვითარებაზე. რა თქმა უნდა, უკვე პირველი დიალოგი, რომელიც უმაღლეს დონეზე შედგა და ჩემი შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენი სომეხი მეგობრები მოწადინებული არიან იმისთვის, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტი დინამიზმით განვითარდეს, არის გამოუყენებელი შესაძლებლობები ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით. მოგეხსენებათ, რომ ასევე ძალიან დაინტერესებული ვართ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო პროექტების განვითარებით, ასევე ჩვენი სომეხი კოლეგებიც დაინტერესებულები არიან და ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რა შესაძლებლობებიც ამჟამად არის რეგიონში. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების სიტუაცია იყო განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ რეგიონში დამკვიდრდეს გრძელვადიანი მშვიდობა და ყველა არსებული პრობლემა მოგვარდეს მხოლოდ და მხოლოდ დიალოგის და მოლაპარაკების გზით. ამ მიმართულებითაც ჩვენი ინიციატივები ცნობილია. ის გაჟღერდა როგორც აზერბაიჯანში ვიზიტის დროს, ასევე ერევანში ვიზიტის დროსაც. საქართველო მზად არის, რომ ჩვენს პარტნიორებს სამხრეთ კავკასიაში შევთავაზოთ თბილისი, როგორც დიალოგის პლატფორმა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ იმის რესურსი არის, რომ მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემებზე გასწიოს მედიაცია საქართველომ, მაგრამ შესაძლებელია ისეთ თემებზე, რაც არის დაკავშირებული ეკონომიკურ თანამშრომლობასთან, მცირე და საშუალო ზომის ბიზნეს პარტნიორებს შორის თანამშრომლობაზე, ხალხთა შორის ურთიერთობაზე, ჰუმანიტარული კუთხით თანამშრომლობაზე, სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის დიალოგი შედგეს. ამისთვის ჩვენ მზად ვართ და ეს მზაობა დავაფიქსირეთ ორივე დედაქალაქში, როგორც ბაქოში, ისე ერევანში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით თუ პოლიტიკური ნება იქნება, შესაძლებელია მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები დაიდოს”,-განაცხადა დავით ზალკალიანმა.