“გერმანიაში დასაქმების პროგრამით ჩასული ქართველებს ენით აუწერელი ვითარება დახვდათ. პირობები უმძიმესია, ანაზღაურება კი ბევრად დაბალი, ვიდრე პირობა იყო. არის კვებისა და საცხოვრებელი პირობების პრობლემა. საქართველოს მოქალაქეები ახლა დახმარებას ითხოვენ. საქმეში უკვე გერმანიის ელჩიც კი ჩაერთო. გერმანიაში ლეგალური სამუშაოები, სადაც დასაქმება საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მოინდომა, როგორც გაირკვა, უმძიმესია – კონტრაქტისგან სრულიად განხსვევებული. ამიტომ ახლა 24 ქართველი დამხარებას ითხოვს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როდის და როგორ დაიხსნიან გერმანიაში წასულ ქართველებს უმძიმესი პირობებისგან / შესაძლოა, ბევრმა გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასვლა აღარც ისურვოს.
“მოტყუებული ვართ. კონტრაქტით გვპირდებოდნენ საათში 9,5 ევროს და კვირაში 6 სამუშაო დღე უნდა გვემუშავა. აქ ჩამოსვლისას დაგვხვდა სხვა რეალობა. საათში 3 ევროს გვიხდიან, თან დილის 6 საათზე ვიწყებდით და 4 საათი ვმუშაობდით. საცხოვრებლად ერთ პატარა ოთახში რამდენიმე კაცი ვართ. საკვები პრობლემაც შეგვექმნა”, – ამბობენ დასაქმებულები. სამუშაო ვითარების და ხელფასის დაკლების გარდა, პრობლემაა საცხოვრებელ პირობებშიც. როგორც საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში აცხადებენ, საგანგაშო და გაუსაძლისია ის ვითარება, რომელიც გერმანიაში ჩასულ ქართველებს დახვდათ. “პროფკავშირების გაერთიანება მიმართავს გერმანიის ელჩს, შეისწავლოს საკითხი, ხოლო ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი სასწრაფოდ დაინტერესდეს საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობით, რადგან სწორედ ეს უწყებაა გერმანიაში დასაქმების ორგანიზატორი”, – განაცხადეს საქართველოს პროფკავშირებში. ვითარების გამოსასწორებლად ქართული მხარე უკვე ჩაერთო. როგორც საქართველოს დასაქმების სააგენტოში აცხადებენ, ქართველებს, რომლებმაც დაპირებული ხელფასი ვერ მიიღეს, ნამუშევარ საათებს აუნაზღაურებენ”, – აღნიშნავს გამოცემა.
“აუცილებლად მოხდება ნამუშევარი საათების ანაზღაურება, რომელიც მათ იმუშავეს. ეს არის საკითხი, რასაც გერმანულ მხარესთან დავაზუსტებთ. მაქსიმალურად სამართლიანად მოხდება ანაზღაურება”, – განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნინო ველთაურმა და აღნიშნა, რომ წინა სამ ჯგუფს, რომელიც გერმანიაში გაემგზავრა, არანაირი პრობლემა არ შექმნია. თუ დამსაქმებელი არ შეასრულებს ვალდებულებებს, გერმანიაში წასული ქართველების ნაწილს, სხვა დამსაქმებლებთან გადაანაწილებენ. ვალდებულებების შეუსრულებლობის შემდეგ “სოლიდარობის ქსელში” იმ გზებზე საუბრობენ, რა ხერხითაც ამ პრობლემის მოგვარება უნდა მოხდეს”, – განაგრძობს გამოცემა.
“ასეთი გამოცდილება ჩვენ უკვე გვაქვს. ქართველ ემიგრანტები დავაკავშირეთ უცხოეთში არსებულ პროფკავშირებს. კონკრეტულ შემთხვევაში იყო ჩაგვრა და სხვა სახის დარღვევები. იქაურ პროფკავშირებს დამსაქმებელთან მოლაპარაკება ჰქონდა და ასეთი ჩარევის შემდეგ პრობლემა მოგვარდა”, – განუცხადა “რეზონანსს” სოფო ჯაფარიძემ. საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში საქართველოდან წასული მოქალაქეების სამუშაო პირობებთან დაკავშირებით პროცესში მალევე ჩაერია. მას გერმანიის უწყებებთან ჰქონდა შესაბამისი საუბარი და მოხერხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობის შესრულება. “მქონდა საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით. წესისამებრ უწყებების მიერ მოხდა იმის უზრუნველყოფა, რომ შესრულდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა, მათ შორის შესაფერისი საცხოვრისით უზრუნველყოფა. გერმანიაში გარანტირებულია 9,5 ევროს ოდენობის მინიმალური ხელფასი. პრობლემები შეიძლება ყველგან იყოს. მთავარია, მათი მოგვარება მალე მოხდეს”, – აღნიშნა ელჩმა. მძიმე პირობებზე საუბრობენ გერმანიაში დასაქმებული სხვა ქართველი ემიგრანტები. როგორც ისინი აღნიშნავენ, ზოგიერთ შემთხევაში დამსაქმებლისგან დარღვევები ხშირია და იურისტების ჩარევამდე პრობლემა არ გვარდება”, – დასძენს გამოცემა.
“100 ათასამდე მსურველის მიუხედავად, ამ დრომდე გერმანიაში მხოლოდ 54 ადამიანია ჩასული სამუშაოდ. ბოლო ჯგუფი საქართველოდან 9 მაისს წავიდა. შეიძლება ისე მოხდეს, რომ სეზონურ სამუშაოზე წასულებმა საქართველოში თანხა საერთოდ ვერ ჩამოიტანონ, რადგან როგორც გაირკვა იქ ჩასულ ქართველები სრულიად სხვა რეალობაში აღმოჩნდნენ, ვიდრე დაპირება იყო. ამ კონკრეტულმა მაგალითმა კი შესაძლოა, სხვები დააფიქროს და გერმანიაში სეზონურ სამუშაოების პროგრამაში ჩართვა აღარ ისურვოს”, – წერს სტატიის ავტორი.