იურისტი თამთა მეგრელიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობაძიხის ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმიანება და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გადადგომის ბუნდოვან მიზეზებზე საუბრობს.
,,რუსთავი 2-ზე” ირაკლი კობახიძის გუშინდელი ექსკლუზივები დამაფიქრებელია. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური სვლა და გეგმა, მელიას ვერდაკავებით ხელისუფლების სისუსტისთვის გაესვათ ხაზი, გახარიას გადადგომით დასრულდა. გადადგომის შემდეგ მისი საჯარო აღიარება – ,,არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან არ წავალ, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას და საშუალებას, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ“ – მრავლობით რიცხვში ნათქვამ დაპირებად დარჩა, რადგან, უკვე ჩამოყალიბებული პარტიის პრეზენტაციაზე საზოგადოებაში დასმულ არცერთ კითხვაზე პასუხი არ გაცემულა“, – წერს მეგრელიშვილი.
მისივე თქმით, გიორგი გახარიას უახლოესი პარტიული გარემოცვა, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური „სულითა“ და დღის წესრიგით უსიამოვნო განწყობებს ჰქმნის.
„დიდი კითხვის ნიშანია – რა მოხდა, რატომ განიცადა პოლიტიკური ფერისცვალება ყოფილმა პრემიერმა? ის უმრავლესობის შეხვედრაზე აქტიურად ითხოვდა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას და … პოლიტიკური სიფრთხილის აუცილებლობის მიუხედავად, რატომ წავიდა გუნდიდან გადამწყვეტ მომენტში?! ეს საკითხი განხილვის ფაზაშია, ალბათ, სხვა არაერთი საკითხი გახდება პოლიტიკური განსჯის საგანი. კითხვები უყვარს პოლიტიკას, კითხვებზე პასუხები კი – საზოგადოებას! პასუხები საჭირო და გადამწყვეტია!” – წერს მეგრელიშვილი.