“მსოფლიოში კორონავირუსის დელტა შტამის გავრცელების პარალელურად, სულ უფრო იზრდება ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა. ამ მხრივ ყველაზე რთული სიტუაცია აშშ-შია, სადაც 2 000-მდე ბავშვია ჰოსპიტალიზირებული. რაც შეეხება საქართველოს, ოფიციალური მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 10%-ს არასრულწლოვნები შეადგენენ, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში დღეში საშუალოდ 400-500 ბავშვი ინფიცირდება. ამ ვითარებიდან გამომდინარე ეპიდემიოლოგები ახალი ვაქცინის შექმნას, ან არსებული ვაქცინების გაუმჯობესებას არ გამორიცხავენ, რათა 12 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციაც გახდეს შესაძლებელი. როგორც “რეზონანსთან” ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე აღნიშნავს, ვაქცინაცია არ არის სრული დაცვის საშუალება, ამიტომ მიმდინარეობს კვლევები გაუმჯობესების მხრის, ვაქცინასთან ერთად კი რეგულაციების დაცვაც აუცილებელია”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორ დავიცვათ ბავშვები – კორონავირუსი არასრულწლოვნებს უკვე მასობრივად ემართებათ.
“ვაქცინა ასპროცენტიანი დაცვა არ არის, მაგრამ გადადების რისკებს ძალიან ამცირებს, სადღაც 80%-მდე. ამიტომ აუცილებელია ვაქცინაციის მიუხედავად არსებული რეგულაციების დაცვა, როგორიცა სოციალური დისტანცირება, პირბადის გამოყებება, ჰიგიენის ნორმები და ა.შ. ბავშვებისგან მშობლის დისტანცირება ვერ მოხდება, მაგრამ მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იყოს მშობელი. თუ მას აქვს სიცხე და რაიმე ჩივილები დაეწყო, რაც გავს კოვიდის სიმპტომებს, უნდა მოხდეს მისი იზოლირება და გამოკვლევებამდე ბავშვთან კონტაქტისგან თავის შეკავება. არ არის გამორიცხული ახალი ვაქცინის შექმნა, რადგან ამაზე სპეციალისტები დიდი ხანია მუშაობენ. კვლევები მიდის ყველა მიმართულებით, მათ შორის ასაკოვანი ადამიანებისთვის, იმ პირებისთვის, რომელთაც სისხლის მიმოქცევის პრობლემები აქვს და რა თქმა უნდა, სპეციალიზირებული მკურნალობის მეთოდების შემუშავებაც ხდება”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.
“როგორც გამოცხადდა, ისრაელმა უკვე შექმნა პრაქტიკულად 100%-იანი ეფექტურობის პრეპარატი. რა თქმა უნდა, ვაქცინებზეც კვლავ მიდის მუშაობა, რადგან ის, რაც მოხდა, იყო სიტუაციიდან გამომდინარე გამოწვეული, თორემ ასე უცებ ვაქცინის დანერგვა არ ხდებოდა. ვაქცინის დანერგვას სჭირდება წლები. 3-4 წელი მაინც არის საჭირო, რათა ვაქცინამ სახელმწიფო მნიშვნელობა მიიღოს და ის გამოყენებულ იქნეს, მაგრამ ჩვენ რომ ასე სწრაფად არ მოგვეხდინა ვაქცინის შემოღება, ფაქტიურად დიდი რაოდენობის მოსახლეობას ვკარგავდით. მუშაობა და კვლევები კვლავ გრძელდება. შესაბამისად, ველოდებით ახალ-ახალ შედეგებს. თავის დროზე, როდესაც ყველას კორონა ჰქონდა, ბავშვები მშვენივრად გრძნობდნენ თავს. ყველაფერი იმ შტამზეა დამოკიდებული, რომლითაც დაინფიცირება მოხდება. ამასთან, რა თქმა უნდა, პროცესის მიმდინარეობა ორგანიზმში ინდივიდუალურია. აქ საყურადღებოა, თუ რამდენად ძლიერია იმუნიტეტი, რა ქრონიკული დაავადებები აღენიშნება პაციენტს, აქვს თუ არა თანდაყოლილი რაიმე დაავადება”, – განაგრძობს ხმალაძე.
„თუმცა, თუ მუტირებული შტამი იქნება ძლიერი და მაღალი ვირულენტობით იქნება გამოხატული მისი მოქმედება, მაშინ უკვე ბავშვების მკურნალობაც გართულდება. მე იმედი მაქვს, რომ ამ დროისთვის უკვე იქნება სრულფასოვანი მკურნალობის საშუალებები. ამ ეტაპზე მკურნალობა ხდება სტანდარტული მეთოდით. თუ მძიმეა, ხდება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ჩართვა, თუ არა – ანტიბიოტიკებითა და ვირუსული პრეპარატებით ხორციელდება მკურნალობა. სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული მეთოდებია გამოყენებული მკურნალობისთვის”, – დასძენს ხმალაძე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით “რეზონანსთან” ჯანდაცვის სპეციალისტმა აკაკი ზოიძემაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს არსებული ვაქცინების კველევა და გაუმჯობესება, რათა მათი გამოყენება 12 წლამდე ბავშვებისთვისაც იქნეს შესაძლებელი”, – აღნიშნავს გამოცემა.
“აცრილი ადამიანებიდან ნაკლებია ინფექციის გადადების შესაძლებლობა, ხოლო აცრილიდან აცრილზე დაინფიცირების გადატანა საერთოდ არ ხდება. მნიშვნელოვანია აიცრან უფროსები, რათა ბავშვის დაინფიცირება ნაკლებად შესაძლებელი იყოს. ჯერჯერობით ბავშვების დაცვა სხვა გზებით შეუძლებელია. მაგალითად, ჩინეთმა და საუდის არაბეთმა დაუშვეს რეკომენდაცია, რომ 12 წლამდე ასაკის ბავშვებიც აიცრან, მაგრამ ჯერ კვლევები კვლავ მიმდინარეობს და შესაძლებელია ახლო მომავალში 2 წლიდან გახდეს ვაქცინის გამოყენება დასაშვები. ჩინეთმა უკვე დაიწყო სამი წლის ასაკიდან “ფაიზერით” აცრის პროცესი, ხოლო “სინოფარმი” ცდების პროცესშია. ის ვაქცინა, რომელიც გამოიყენება, შესაძლოა ცოტა ხანში ბავშვებისთვისაც გახდეს რეკომენდირებული. ბავშვების იმუნური სისტემა ბევრად უკეთესია. ამ პროცესში ყველაზე დიდი პრობლემა ის თანმდევი დაავადებები შეიძლება გახდეს, რაც პაციენტს დაინფიცირებამდე გააჩნდა. ასეთი ბავშვების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ რეგულაციები მათ ირგვლივ მყოფების მიერ მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული”, – მიიჩნევს ზოიძე.