დასავლეთ ევროპის ეპარქიის, რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოანე (ხელაია) საქართველოში არსებული ეპიდვითარების შესახებ საუბრობს.
მისი თქმით, დღეს ყველაზე მეტად გავრცელებული სენი სიყვარულის დეფიციტია, რაც წინსვლაში ხელს გვიშლის.
„როგორი ქაოსი, პანიკა და შიში სუფევს ჩვენ ქვეყანაში, ყველას შეგვეხო პირდაპირ, თუ ირიბად, ყველა შეგვაშინა და დაზაფრულები ვართ. ამ ბოლო მოვლენებმა დამანახა, რომ ყველა ვირუსზე, ყველა სნეულებაზე საშიში ადამიანია.
ყველაზე დაუნდობელი. არა შეწყალება, არა თანაგრძნობა და რაც მთავარია – არა სიყვარული.
წამლის სითხეში ვეძებთ ჩასახლებულ ეშმაკს, არადა ის ჩვენშია, ჩვენ ქმედებებში.
სადაც სიყვარული არ არის, სადაც მოწყალება და თანაგრძნობა არ არის, იქ მხოლოდ ბოროტია. არც წამლის დეფიციტი დაგვღუპავს და არც წყლის, არც ნავთობის, არც ხორბლის, არამედ დეფიციტი სიყვარულისა. რასაც მთელი სამყარო განიცდის დღეს..
არანაირი ვირუსი ისე არ დაგვაზიანებს როგორც გაბოროტებული ადამიანი. სიყვარულის დეფიციტი, აი, ეს არის ყველაზე დამღუპველი ვირუსი, რომელიც ანადგურებს ყველას და ყველაფერს! ღმერთმა გვიშველოს ყველას. ღმერთი არის სიყვარული!”,- წერს არქიმანდრიტი.