„8 სექტემბრის მდგომარეობით, ცესკოს მიერ, 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, 62 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა რეგისტრირებული. ბოლო წლების განმავლობაში ჩატარებული არჩევნებიდან მიღებული გამოცდილება ნათელს ხდის, რომ ნეიტრალურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, არჩევნებს აკვირდებიან ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც პირდაპირ არიან აფილირებულნი სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან“-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა გივი მიქანაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, მმართველი პარტიის განცხადების წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, 15 ადგილობრივი ორგანიზაცია გამოავლინეს, რომელთაგანაც 12 „ნაციონალურ მოძრაობასთანაა“ კავშირში, 3 – „ევროპულ საქართველოსთან“.
გივი მიქანაძის განცხადებით, ხშირ შემთხვევაში, მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციების ძირითად მიზანს საარჩევნო უბნებზე, საარჩევნო პროცესის კანონმდებლობის შესაბამისად მიმდინარეობის ხელის შეშლა და პროვოკაცია წარმოადგენს.
„ოპოზიციური პარტიები, განსაკუთრებით კი, რადიკალური ოპოზიცია არ აწარმოებს აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას, რაც ამყარებს იმის განცდას, რომ ისინი არა არჩევნებისთვის, არამედ დესტრუქციისთვის ემზადებიან“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
