ვიხილეთ თავდასხმა სამხარაულის ბიუროზე, რომელიც აქამდე არ მოფიქრებიათ „ნაცმოძრაობის“ ლიდერებსაც კი, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარისა და თბილისის მერობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის თანახმადაც, მის წინააღმდეგ მზადდებოდა პროვოკაცია ნარკოტესტთან დაკავშირებით.
„სამხარაულის ბიუროზე თავდასხმა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მას არ დაეჭირა თავის გამართლების პოზიცია. საერთოდ არავინ ფიქრობდა „კოკაინზე“ და არც მსგავს საკითხებზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე დაწყებული კამპანია გადაიქცა ვიღაცების თავის მართლების კამპანიად, უცხოეთში აპირებენ „ბანკებით“ სირბილს, როგორც ის ამბობს. საქართველოში თურმე უხერხულია და უცხოეთში კარგია „ბანკებით“ სირბილი, როდესაც ყველაზე ობიექტური ეროვნული ბიურო, ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი არასდროს გამხდარა თავდასხმის ობიექტი, გახდა მხოლოდ მისი მხრიდან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ ნარკოტესტირებასთან დაკავშირებით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში მის წინააღმდეგ პროვოკაცია მზადდებოდა. გიორგი გახარია ამბობს, რომ ევროპაში ჩააბარებს თმის ანალიზს, რომელიც ყველაზე უტყუარია.
