დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების მხრივ უდავო პროგრესის მიუხედავად, საქართველო არის ქვეყანა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიპლომატის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ეს გადაწყვეტილება, რომელსაც მოუთმენლად ელის ჩვენი ხალხი, ჩვენი დიპლომატიისა და მთელი პოლიტიკური ისტებლიშმენტის დამსახურება იქნება. ამასთანავე, ეს იქნება ჩვენი დიდი ევროპული ოცნების აღსრულება და ევროპისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ეს სწორედ ის გზაა, რომელსაც ჩვენმა დიდმა წინაპარმა სულხან-საბა ორბელიანმა ჩაუყარა საფუძველი და შემთხვევითი სულაც არ არის, რომ დიპლომატის დღე ემთხვევა ამ დიდი, პროევროპელი მოღვაწის დაბადების თარიღს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე, ყურადღება საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობასა და მსოფლიო ეკონომიკაში ქვეყნის როლზე გაამახვილა.
„მოგეხსენებათ, დღევანდელ სამყაროში რამდენად არის გადაჯაჭვული ერთმანეთთან ყველა ქვეყნისა და რეგიონის ბედი. ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ჩვენს ქვეყანას სასურველ პარტნიორად აქცევს ევროპისა და აზიის მრავალი სახელმწიფოსთვის. საქართველოს მთავრობას შეუძლია, სამართლიანად მოიწონოს თავი ჩვენი ქვეყნის კავშირების გაღრმავებით ჩინეთთან და აზიის სხვა მნიშვნელოვან სახელმწიფოებთან, რაც ერთიორად ზრდის საქართველოს როლს მსოფლიო ეკონომიკაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ ამ ახალი კავშირების დამყარებასა და გაძლიერებაში ქართული დიპლომატიის ღვაწლი დიდად დასაფასებელია.
პრემიერმა უსაფრთხოების კუთხით ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და დასავლელ პარტნიორებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების მხრივ მთელი რიგი მაჩვენებლებით ჩვენი უდავო პროგრესის მიუხედავად, საქართველო არის ქვეყანა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია და რომელსაც სერიოზული გამოწვევები აქვს უსაფრთხოების კუთხით. ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი უმნიშვნელოვანესი მოკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის, ასევე, ჟენევის დისკუსიათა ფორმატში მონაწილე ყველა მხარის უდიდესი ძალისხმევისა, მშვიდობიანი გზით მოაგვაროს ეს პრობლემა. ასევე, ჩვენ მივესალმებით შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების სრულიად ახალ დიალოგს, რომლის მონაწილეც, ბუნებრივია, საქართველო აუცილებლად იქნება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა რწმენა, რომ ასეთი მაღალპროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული დიპლომატიური სამსახური უახლოეს წლებში წარმატებით დაძლევს ქვეყნის წინაშე არსებულ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევებს.
თბილისის საკრებულოში დიპლომატის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.