“რუსეთის დუმის დეპუტატ ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებამ საქართველოში ტერიტორიული კონფლიქტების შესაძლო გადაწყვეტის გზებზე სოხუმში სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია. სეპარატისტთა დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ საგანგებო განცხადებაც გაავრცელა, სადაც მოუწოდებენ რუსულ მხარეს, აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით, დაუფიქრებელი განცხადებების გაკეთებას მოერიდონ. ცნობისთვის, კალაშნიკოვი რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი და “დსთ”-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეა. რუსულ მედიასთან მან მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით მოლდოვაში პრორუსი კანდიდატის, სოციალისტური პარტიის ლიდერ ჯგორ დოდონის გამარჯვება რეალურს ხდის მოლდოვას მიერ ტერიტორიული კონფლიქტის გადაჭრას და ეს შესაძლოა მაგალითო გახდეს საქართველოსთვის და უკრაინისთვის”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით აფხაზები კალაშნიკოვის წინააღმდეგ / მინიშნება მოსკოვიდან – თუ საქართველო დასავლურ მისწრაფებებზე უარს იტყვის, ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებას შეძლებს.
“თუ მოლდოვა შეძლებს რუსეთთან დაახლოებას და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე უარის თქმას, მოახერხებს დნესტრისპირეთში ტერიტორიული კონფლიქტის კონფედერაციის ტიპის მოწყობით გადაწყვეტას. ეს შეიძლება გახდეს კარგი მაგალითი საქართველოსთვის და უკრაინისთვის. ამ ქვეყნებში არის მსგავსი ტერიტორიული პრობლემები. თუ მოლდოვა, რომელიც მეტწილად შემდგარი სახელმწიფოა და ევროინტეგრაციის გზაზეა შემდგარი, მოახერხებს პრობლემის გადაწყვეტას, ამას შეძლებენ საქართველო და უკრაინაც. მპლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში სიტუაცია გაამწვავა იმან, რომ მათ გადაწყვტიეს ნატოს წევრი სახელმწიფოები გამხდარიყვნენ”, – განაცხადა კალაშნიკოვმა. დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ე.წ. პარლამენტის სპიკერი ვალერი ბგანბა მწვავე განცხადებით გამოეხმაურნენ დუმიდან გაჟღერებულ მოსაზრებებს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“2008 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარებამ ლეგიტიმაცია მიანიჭა ჩვენს სტატუსს, უკიდურესად ნეგატიურად და არაპროფესიონალურად ჟღერს ბატონი კალაშნიკოვის განცხადება, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას…” – ნათქვამია ე.წ. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც უწყებამ საკუთარ გვერდზე 17 ოქტომბერს გამოაქვეყნა. მწვავეა დე ფაქტო პარლამენტის სპიკერის ვალერი ბგანბას განცხადებაც – “ჩნდება კითხვა – ვის აზრებს ახმიანებს კალაშნიკოვი? საკუთარს, კომპარტიის თუ დუმის ახალი შემადგენლობის? ვთვლი, რომ მსგავსი გამონათქვამები არ შეესაბამება კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, რაც ჩვენს ქვეყნებს აკავშირებთ”, – განაცხადა მან “ნუჟნაია გაზეტასთან” ინტერვიუში”, – დასძენს გამოცემა.
“ეს არის რუსული გეგმა, სტრატეგია, რომ დაკვირვება მოახდინონ საზოგადოების რეაქციაზე. თუ იქნება სათანადო რეაქცია, რუსეთი გააგრძელებს ამ აზრის განვითარებას. დუმის დეპუტატმა გააკეთა ძალიან საინტერესო განცხადება არა შინაარსის მიხედვით არამედ ზონდაჟისთვის. ეს არის რუსეთის პოლიტიკური თავლთმაქცობა”, – აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით არეშიძე: თუ იქნება სათანადო რეაქცია, რუსეთი გააგრძელებს ამ აზრის განვითარებას.
“კალაშნიკოვი არ არის იმ ტიპის ფიგურა, მისი განცხადებები წყვეტდეს სახელმწიფო პრობლემებს. განცხადება უფრო გაკეთებულია მოლდოვას მხარის გასაჩერებლად, რომლის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარები უკანონოდ იმყოფებიან. რუსეთი იძულებულია გაიყვანოს ჯარები, კონფედერაციის საკითხი კი რამდენიმე წელს გაგრძელდება და ამ პერიოდით რუსეთი მოახერხებს თავისი არმიის მოლდოვის ტერიტორიაზე დატოვებას… მე ჩართული ვარ ქართულ-რუსული მოლაპარაკებების ფორმატში და ვხვდებით საკმაოდ სერიოზულ ადამიანებს. არ ყოფილა ერთი მინიშნებაც, რომ რუსეთი დაინტერესებულია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირებით”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
“საქართველო თუ დათანხმდება კონფედერაციას, მაშინ რუსეთს მოუწევს უარი თქვას აფხაზეთის სუვერენიტეტზე. 1998 წელს მე ვიყავი იმ შეხვედრის მონაწილე, როცა ევგენი პრიმაკოვმა არძინბა ჩამოიყვანა თბილისში და შევარდნაძეს შეახვედრა. მაშინ იყო საუბარი კონფედერაციის შექმნაზე. არძინბაც თანახმა იყო, მაშინ შევარდნაძემ დასვა შეკითხვა – კონფედერაცია იქნება ორ დამოუკიდებელ სუბიექტს შორის თუ სუბიექტსა და მის ყოფილ ავტონომიას შორის , რაზეც პასუხი ვერ მიიღო” – მაბობს ექსპერტი და შეკითხვაზე – რა სხვაობაა ამ ორ ფორმულირებას შორის?” – პასუხობს:
“პროცესის დასრულების შემდეგ კონფედერაციის ერთ-ერთ წევრს შეუძლია გავიდეს კონფედერაციიდან და ის ავრომატურად გახდება საერთაშორისო სამართლის დამოუკიდებელი აღიარებული სუბიექტი”.