პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დაუყოვნებლივ გადაყვანა მოითხოვა. შუამდგომლობა მან თბილისის საქალაქო სასამართლოში “7 ნოემბრის საქმის” განხილვის დროს დააყენა, მიზეზად კი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
“მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს უფლება მოთხოვნა დავაყენოთ… ძალიან გთხოვთ, მოხდეს ამ საკითხის განხილვა და ერთად მოვახერხოთ ის, რომ სააკაშვილის მდგომარეობის კონსერვაცია მოხდეს. ის ვერ გამოჯანმრთელდება, ეს გამორიცხულია, ეს არის განგრძობითი პროცესი. ექიმების განმარტებაა, რომ დაუყოვნებლივი ჩარევა მოხდეს და ამ წუთიერი მდგომარეობის კონსერვაცია…” – თქვა ნიკა გვარამიამ.
მისივე თქმით, სახალხო დამცველის შექმნილი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ ვერ მოხერხდება სააკაშვილის მკურნალობა ციხის ტერიტორიაზე:
“სახალხო დამცველიც ამბობს, რომ ნებისმიერი ნიშანი იმისა, რომ პენიტენციური დაწესებულებაა, არის მიუღებელი და რაკიღა ეს ყველაფერი ეხება მათ შორის ფსიქოლოგიურ ტრავმებს და აქედან გამოწვეულ შედეგებს, ამიტომ სახალხო დამცველი და კონსილიუმი მიიჩნევენ, რომ იმგვარ დაწესებულებაში უნდა იყოს, რომელიც არ ატარებს პენიტენციური დაწესებულების ნიშნებს…”