“მოგეხსენებათ, “ნაცმოძრაობის” ხელისუფლების ბედზე ციხის კადრებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა, მაგრამ ეს ის ხელისუფლება იყო, რომელიც 2004 წლიდან მიტინგებს იგერიებდა. იყო დარბევები და ა.შ. იმ ხელისუფლებისთვის ციხის კადრებმა იმ წვეთის როლი ითამაშა, რამაც ფიალა გადაავსო. ეს ხელისუფლება კი 4 წელია, არის და უკმაყოფილებაც არსებობს, მაგრამ ეს უკმაყოფილება იმ დონეს არ აღწევს, რომ ხალხმა პროტესტის გამოხატვა სცადოს. მცირე ინცინდენტები გვაქვს, მაგრამ ოპოზიციის მხრიდან მოწყობილ საპროტესტო აქციებს ენთუზიაზმით არავინ აჰყვა. ანუ, ეს საპროტესტო მუხტი არაა საიმისო, რომ დეტონატორის როლი ითამაშოს. საზოგადოებაში არაა ისეთი კლიმატი, რომ ამან სერიოზული ტალღა გამოიწვიოს. თუ საპროტესტო ტალღას ვერ გამოიწვევს, მაშინ ეს მოვლენა ვერც იმხელა მასშტაბს მიიღებს, რომ არჩევნებზე არსებითი გავლენა იქონიოს”, – აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ“რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რამაზ საყვარელიძე: “უკმაყოფილება იმ დონეს არ აღწევს, რომ ხალხმა პროტესტის გამოხატვა სცადოს” / “მოლოდინი, რომ ხალხი აქციებში ჩაერთვება, ნაკლებად მაქვს”.
“გარდა ამისა, ალასანიას გუნდმა თანამდებობები რომ დატოვა, მიზეზად სახელმწიფოს საგარეო კურსის ცვლილება და რუსეთისაკენ გადახრა დაასახელა. საზოგადოებამ კი ნახა, რომ ასე არ მომხდარა და სახელმწიფოს კურსი არ შეუცვლია. ზოგადად, პოლიტიკოსები თუ მოერიდებიან ისეთი განცხადებების კეთებას, რომლებიც შესაძლოა არ გამართლდეს, მათთვისვე იქნება კარგი, რადგან იმ ნათქვამმა ამჟამად ალასანიას შეიძლება მხარდამჭერები მოაკლოს. რაკი იქ არ გამართლდა მისი ნათქვამი, შესაძლოა აქაც გაჩნდეს ეჭვი – არის თუ არა ალასანიას მიერ “კაბელების საქმეზე” მიცემული კვალიფიკაცია სწორი? არადა, ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს და საზოგადოებისთვის ბევრი რამ შეიძლება აღმოჩნდეს მიუღებელი. ამის მიუხედავად, ვიმეორებ, რომ ამ ეტაპზე ზოგადი კლიმატი არ არის ისეთი, რომ ამან არჩევნებზე გავლენა იქონიოს”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“თავისუფალი დემოკრატები” საპროტესტო აქციებს რომ აანონსებენ, სავარაუდოა, რომ ნაკლებად ხმაურიანი იქნება. როგორც ზემოთაც ვთქვი, აქამდე სხვა პარტიებმაც სცადეს აქციების ჩატარება, მაგრამ დიდად შთამბეჭდავი არც ერთი არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად, “ნაციონალებს” ორგანიზაციული და ეკონომიკური ბერკეტები აქციის მოსაწყობად ნამდვილად აქვთ. ამიტომ, იმის მოლოდინი, რომ ხალხი ამ აქციებში მასობრივად ჩაერთვება, მე ნაკლებად მაქვს. თუმცა, თუ ჩაერთვება, ცუდი არ იქნება, რადგან ეს ხელისუფლებისთვის იმის სიგნალი იქნება, რომ ძალაუფლება ბოროტად არ გამოიყენოს”, – მიიჩნევს პოლიტოლოგი.
“რაც შეეხება გამოქვეყნებულ “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიას – ამ სიაში არაა ის სახეები, რომლებიც ამ პარტიისათვის წლების განმავლობაში ბეჯითად იბრძოდნენ. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს სია შიდაპარტიული გადაჯგუფებების შედეგია და არა მთლიანი, გააზრებული კონცეფციისა. ან, ეს კონცეფციაა მცდარი, რადგან ძველი გვარდია და ერთგული მებრძოლი თუ არ დააფასე, ახალ თაობას შენთვის თავის გაწირვა აღარ ენდომება. თუ “ნაციონალებმა” ძველი სახეები მათთანვე შეუთანხმებლად გაწიეს გვერდზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი თაობებიც განწირული არიან და მომავალში მათაც გვერდზე გაწევენ. სწორედ ამ მოტივით დატოვა ვაშაძემაც პარტია. ისიც აქტიური გვარდიის ნაწილი იყო, მაგრამ ამის მიუხედავად რამდენჯერმე გვერდზე ჩააჩოჩეს. როგორც ჩანს, ახლაც ასე მოხდა და მანაც პროტესტი გამოხატა. თან დაამატა განაცხადიც იმის თაობაზე, თუ რის მიმართ აქვს ეს პროტესტი. ლაკონურად რომ ვთქვა, ეს უმადურობის მიმართ გამოხატული პროტესტი იყო. ეს უმადურობა კი ახლა თუ იმათ მიმართ გამოიხატა, ვინც სიის მიღმა დარჩა, ხვალ იმათ მიმართაც გამოიხატება, ვინც ახლა სიაში შეიყვანეს. ეს პარტიისათვის წამგებიანია”, – დასძენს საყვარელიძე და შეკითხვას – “ახალ სახეებზე რას ფიქრობთ, რომლებიც “ნაცმოძრაობის” სიაში პირველად აღმოჩნდნენ?” – პასუხობს:
“არიან ისეთებიც, რომლებიც შედარებით უცნობები არიან და ისეთებიც, რომლებსაც საზოგადოება მეტ-ნაკლებად კარგად იცნობ: ისინი, ვინც “ნაციონალების” პოლიტიკას ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წიაღიდან აქტიურად იცავდნენ. ვერ ვიტყოდი, რომ მათი პოლიტიკური ორიენტაცია საქართველოსთვის ახალია. ხალხი მიჩვეულია, რომ მათ “ნაციონალების” მხარდამჭერი პოზიცია უკავიათ. ერთადერთი, რაც “ნაციონალებმა” ამ ხალხის სიაში შეყვანით ქნეს, ისაა, რომ დაკარგეს მიუკერძოებლად მიჩნეული მესამე მხარე, რომლებიც “ნაციონალებს” უპირატესობას ანიჭებენ. დღეს ისინი “ნაცმოძრაობის” კადრებად აღიქმებიან და ბუნებრივია, მათი მსჯელობა იმ დამაჯერებლობას კარგავს, რაც შეიძლებოდა არასამთავრობო ორგანიზაციის დონეზე ჰქონოდა. ასე რომ, ამ მხრივ, ვფიქრობ “ნაცმოძრაობას” ამ სიახლით არაფერი მოუგია, წაგებით კი ექსპერტული გუნდი წააგეს”.