ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა „ქრონიკაში“ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, დევიდ ო’სალივანთან და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელთან, ჯეიმს ო’ბრაიენთან შეხვედრაზე ისაუბრა.
„შეფასება არის ძალიან დადებითი იმ გაწეული სამუშაოსი და კონტროლის, რომელიც შექმნილია ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, საბაჟო დეპარტამენტში. ამ ნაწილში ჩვენ არ გვაქვს პარტნიორებთან არცერთი საკითხი, რომელზეც შეიძლება ან განსხვავებული პოზიცია, ან შეფასება გვქონდეს ნებისმიერ თემაზე. სრულ თანხვედრაშია ჩვენი საბაჟო პოლიტიკა სანქციებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენმა პარტნიორებმა დააწესეს. შეხვედრების ფარგლებში გამოითქვა არაერთი სამადლობელი შეფასება, უშუალოდ განხორციელებულ საქმესთან დაკავშირებით, ხოლო სამომავლო ღონისძიებებთან დაკავშირებით ვაგრძელებთ მუშაობას ზუსტად ისე, როგორც აქამდე ვახორციელებდით ამ წლინახევრის განმავლობაში“, – განაცხადა ხუციშვილმა.
სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად უდგება საკითხს, ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის.
„ქვეყანას პოზიტიური შთაბეჭდილებით ვტოვებთ“, – აღნიშნა მან თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.