როდესაც იქნება ექიმებისგან რეკომენდაცია, რა თქმა უნდა, ის [მიხეილ სააკაშვილი] გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში, – ამის შესახებ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პატიმარი სასჯელს უნდა იხდიდეს პენიტენციურ დაწესებულებაში, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სააკაშვილი ამჟამად იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში.
„ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება ხდება ექიმების მიერ გამოკვლევების შემდგომ და არა ტელევიზორში დანახული გამოსახულებით.
თუკი ვინმე არის დაინტერესებული, ყველაზე მეტად ამ ადამიანის [მიხეილ სააკაშვილი] ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესებული ვართ ჩვენ, რადგან ის პატიმარია და ჩვენი ვალია, ვიზრუნოთ მის ჯანმრთელობაზე, რასაც პირნათლად ვასრულებთ. თუკი ადამიანი საკუთარი ნებით არ მკურნალობს და არ იღებს საკვებს, იღებს მხოლოდ იმ საკვებს, რაც მას უნდა, ჩვენ მას ვერც კვებას დავაძალებთ და ვერც მკურნალობას, ეს არ შეიძლება.
რაც შეეხება პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას, როდესაც იქნება ექიმებისგან რეკომენდაცია, რა თქმა უნდა, ის გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში. მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ისევე როგორც ბევრი სხვა პატიმარი, ის ამჟამად სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.