სამშენებლო დარღვევები ძირითადად იყო მოცულობების გადამეტება და სართულების გადამეტება უკანონოდ, რომელზეც ინფორმაცია ცხადია გაყიდვების დროს არ მიეწოდებოდა მყიდველს და ისინი ისეთ ფართებს ყიდულობდნენ, რომელზეც მშენებლობის ნებართვა არ იყო გაცემული,- ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ „ქრონიკის ეთერში“ განაცხადა.
„ყველამ კარგად ვიცით, რომ ქართულ სამშენებლო ბაზარზე ჩვევად იყო ქცეული სამშენებლო ობიექტებიდან გადახვევა და სანებართვო პირობების დარღვევა, რომელსაც არანაირი ნეგატიური შედეგი დეველოპერისთვის არ მოჰყვებოდა, განსხვავებით მოსახლეობისგან. მათ რჩებოდათ არასრულფასოვანი, უკანონო აქტივი, ხოლო დეველოპერსა და ბიზნესმენს თავიანთი მოგება მიღებული ჰქონდათ და პროექტს ამ მდგომარეობაში ტოვებდნენ. ამ მოცემულობაში იყო დატოვებული მოსახლეობა. ჩვენ ვიმუშავეთ და შევიმუშავეთ ამნისტიის პაკეტი და საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ის. ორი წლის განმავლობაში აქტიურად ვიმუშავეთ ამ კანონპროექტზე და 400 ობიექტი უკვე მიღებულია ექსპლუატაციაში“, – აღნიშნა ხმალაძემ.
მან ასევე ისაუბრა იმ დარღვევებზე, რომელიც ამ შენობების ექსპლუატაციაში შესვლას უშლიდა ხელს.
„აქ გვხდებოდა მთელი რიგი დარღვევები, ძირითადად ეს იყო მოცულობების გადამეტება და სართულების გადამეტება უკანონოდ, რომელზეც ინფორმაცია ცხადია გაყიდვების დროს არ მიეწოდებოდა მყიდველს და ისინი ისეთ ფართებს ყიდულობდნენ, რომელზეც მშენებლობის ნებართვა არ იყო გაცემული მუნიციპალიტეტის მხრიდან. შესაბამისად, ამ თემაზე ვიმუშავეთ და ერთგვარი გადაწყვეტა მოვიფიქრეთ. განხილვის პროცესშია ასეულობით განცხადება, რომლის განხილვებიც გაგრძელდება“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.