საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურული ერთეულები შოვშიმიმდინარე სამაშველო-სამძებრო სამუშაოებს აგრძელებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დღეს სამხედროები მეექვსე ლოკაციაზე, კერძოდ, კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე გადანაწილდნენ.
„თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის მაშველებთან ერთად კოორდინირებულად მუშაობენ. სამძებრო პროცესში თავდაცვის ძალები შსს-ს შესაბამისი სამსახურების მხარდამჭერ ფუნქციას ასრულებს. სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა, თავდაცვის ძალების მძიმე ტექნიკა და აღჭურვილობა, ასევე მეტალო-დეტექტორები, რაც აიოლებს მეწყრულ მასაში მოყოლილი ტექნიკის ლოკაციების დადგენას.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობენ აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების სამხედრო მოსამსახურეები, საბრძოლო-საინჟინროქვედანაყოფები, ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა და ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.