“პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აშშ-დან პირდაპირ ისრაელში ჩავიდა, რადგან მისი იორდანიაში ვიზიტი აღარ შედგა. სამიტის გაუქმების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პალესტინის ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა ღაზას სექტორში ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოს აფეთქების შემდეგ, პროტესტის ნიშნად, შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ისრაელმა კი ბაიდენის ვიზიტს “ღრმად ამაღლელვებელი” უწოდა. აღსანიშნავია, რომ ისრაელი სახმელეთო ოპერაციის დაწყებისგან ამ დრომდე თავს იკავებს, როგორც სამხედრო სპეციალისტები ამბობენ, არაა გამორიცხული, რომ ბაიდენის ვიზიტმა და ღაზას საავადმყოფოში მომხდარმა აფეთქებამ და საერთაშორისო გამოხმაურებებმა ეს ოპერაცია გადადოს, ან საერთოდაც გააუქმოს და ისრაელმა მიზნები სხვა გზით განახორციელოს. ისრაელის თავდაცვის ძალები დრონით გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს და აცხადებს, რომ ალ-აჰლის ბაპტისტურ საავადმყოფოს ტერიტორიაზე აფეთქება ისრაელის შეტევას არ გამოუწვევია, რადგან ასეთ დროს აფეთქების შემდეგ კრატერი დარჩებოდა და არა ცეცხლმოკიდებული ავტოსადგომი. ისრაელის თავდაცვის ძალებმა განმარტა, რომ აფეთქების ადგილზე დიდი ხანძარი გაჩნდა, მაგრამ იქ კრატერი არ არის. მათი შეტევები კი, როგორც წესი, თავდასხმის ადგილებზე დიდი ზომის ხვრელებს ტოვებს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა ზეგავლენას მოახდენს ბაიდენის ვიზიტი ისრაელი-ჰამასის ომზე – სიტუაციის განვითარების რამდენიმე ვერსია.
“ისრაელის მხარის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში საავადმყოფოს ავტოსადგომი ჩანს, სადაც დიდი აფეთქება მოხდა, რომელსაც როგორც პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, ასობით მსხვერპლი მოჰყვა. მათი რიცხვი დაახლოებით 500-ს შეადგენს. ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების გამო, რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ლიბანში და თურქეთში, საპროტესტო აქციები გაიმართა. ასობით პალესტინელი შეიკრიბა დასავლეთ სანაპიროს ქალაქებში, მათ შორის რამალაში, სადაც მომიტინგეებსა და პალესტინელ უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკება მოხდა. ასობით დემონსტრანტსა და ლიბანის უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკება მოხდა ლიბანში, აშშ-ის საელჩოსთანაც, რომელიც დედაქალაქ ბეირუთთან ახლოს მდებარეობს. ასობით ადამიანი შეიკრიბა ბეირუთში საფრანგეთის საელჩოსთან, სადაც “ჰეზბოლას” დროშები აღმართეს და საელჩოს შენობას ქვები დაუშინეს. ლიბანში, მოძრაობა “ჰეზბოლამ”, საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების გამო, ოთხშაბათი “მრისხანების დღედ” გამოაცხადა”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, “ჰამასის” ორი მეთაური საჰაერო იერიშების შედეგად დაიღუპა. მათი თქმით, შეტევების სამიზნეები, “ჰამასის” ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების ჯგუფის ხელმძღვანელი მუჰამედ აუდალა და “ჰამასის” საზღვაო ძალების მეთაური აკრამ ჰიჯაზი, იყვნენ. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ შეტევები “ჰამასის” სამეთაურო ცენტრებზე, რაკეტების გამშვებ ობიექტებსა და სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ზოგიერთ გვირაბზე განახორციელეს. პალენსტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღაზის სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად დაღუპულია 3 200 და დაჭრილია 11 000 ადამიანი. რაც შეეხება ისრაელს, მსხვერპლი აქაც იზრდება, დაღუპულია 1500-მდე ადამიანი და 4 ათასზე მეტია დაჭრილი”, – განაგრძობს გამოცემა.
“აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს აეროპორტში ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დახვდა. ისრაელის მედია წერს, რომ ბაიდენი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მთავრობის სხვა ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებს გამართავს. აშშ-ის პრეზიდენტი, ისრაელში ვიზიტისას, ასევე “ჰამასის” ტყვეობაში მყოფი ამერიკელების ოჯახის წევრებს შეხვდება. ნეთანიაჰუმ ისრაელში ჯო ბაიდენის ვიზიტს “ღრმად ამაღელვებელი” უწოდა. “მინდა მადლობა გადაგიხადოთ დღეს აქ ჩამოსვლისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც თქვენ ისრაელს ამ რთულ დროს გამოუცხადეთ. მხარდაჭერა, რომელიც ამერიკელი ხალხის აბსოლუტურ ნებას გამოხატავს”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ. მისი თქმით, ბაიდენმა “სწორად გაავლო ზღვარი ცივილიზაციის ძალებსა და ბარბაროსულ ძალებს შორის” და დაამატა, რომ მან ისრაელის მტრებს “მკაფიო გზავნილები გაუგზავნა, რათა მათ არ გამოცადონ ისრაელი”. შეხვედრის დასასრულს, ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა ბაიდენს ისრაელის გვერდით დგომისთვის “დღეს, ხვალ და ყოველთვის”, – დასძენს გამოცემა.
“ბაიდენი იორდანიაში აღარ ჩავა, რადგან ქვეყნის ხელისუფლებამ მეფე აბდულა II-სთან, ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ-ფატაჰ ელ-სისისთან და პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან მისი შეხვედრა გააუქმა. იორდანიამ სამიტის გაუქმების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პალესტინის ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა ღაზას სექტორში საავადმყოფოს აფეთქების შემდეგ, პროტესტის ნიშნად, შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. თეთრმა სახლმაც დაადასტურა, რომ ჯო ბაიდენი იორდანიის დედაქალაქ ამანს აღარ ეწვევა. სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი აცხადებს, რომ დიდია იმის რისკი, რომ ისრაელის ომში სხვა ქვეყნებიც ჩაერთვნენ, ამიტომაც არაა გამორიცხული, რომ აშშ სახმელეთო ოპერაციის დაწყებისგან აჩერებს. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი ამბობს, რომ ბაიდენი ისრაელში მძიმე სიტუაციის ფონზე ჩავიდა და არაა გამორიცხული, რომ შეეცადოს და სახმელეთო ოპერაციის დაწყება გადააფიქრებინოს”, – წერს სტატიის ავტორი.
“ფაქტია, რაც “ჰამასმა” ისრაელის სამხრეთში დივერსიულ ტერორისტული შეჭრა მოაწყო, მას შემდეგ ისრაელს სურს, რომ “ჰამასს” უფრო ძლიერად შეუტიოს, ვიდრე ეს სერიოზული და დაუნდობელი საჰაერო დაბომბვებია, მაგრამ, როგორც ჩანს, დასავლეთი და პირველ რიგში აშშ სახმელეთო ოპერაციის დაწყებისგან აქამდე აჩერებენ. არის ინფორმაცია და ეს ნელ-ნელა უფრო რეალური ხდება, რომ ამ ომში უკვე სხვა ქვეყნებიც ჩაერევიან და ისრაელს სხვა ფრონტებსაც გაუხსნიან, ჩრდილოეთში “ჰეზბოლა”, იორდანიის დასავლეთ ნაპირზე დიდი აჯანყებები მოხდება და სირიიდანაც შეიძლება განახორციელონ დარტყმები. ეტყობა ამის საშიშროებაა და ბაიდენს ამიტომაც სურდა ჯერ სირიაში ჩასვლა, მერე იორდანიაში გადასვლა და იქ ამ ქვეყნების წარმოადგენლებთან შეხვედრა, მაგრამ საავადმყოფოს აფეთქების გამო, ეს გადაიდო. თუმცა, ამ საავადმყოფოსთან დაკავშირებით საქმე ისე არაა, როგორც თავიდან წარმოაჩინეს, თითქოს ისრაელმა დაბომბა. დიდი შანსია, რომ საავადმყოში სწორედ “ჰამასის” მიერ გასროლილი რაკეტა ჩამოვარდა. ყოველ შემთხვევაში, ვიდეოკადრებოდან ასეთი დასკვნის გამოტანა შეიძლება, თუმცა ეს კარგად იქნა გამოყენებული ისრაელის ანტიპიარ კამპანიისთვის”,– აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილი.
“თუ რატომ ჩავიდა ბაიდენი ისრაელში, ამის კონკრეტული მიზეზის თქმა ცოტა რთულია. არაა გამორიცხული, რომ საუბრები იყოს იმაზე, რომ სახმელეთო ოპერაციაზე ხელი აიღოს. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ღაზის სექტორში საავადმყოფოს რაკეტა მოხვდა და საკმაოდ მძიმე ფონია, ამის გამო ამანში ოთხმხრივი მოლაპარაკება გადაიდო, სადაც საერთო ენა უნდა გამოენახათ. ეს სიტუაციას სერიოზულად შეცვლის სამხედრო დაპირისპირების ფორმატში. აშშ ისრაელს სოლიდარობას უცხადებს და მის გვერდით დგას, თუმცა, შეეცდება, რომ სახმელეთო ოპერაციის დაწყება შეაჩეროს და დაარწმუნოს, რომ მიზნები სხვა გზებით განახორციელოს, რადგან მძევლებში ამერიკელებიც არიან და მათი გათავისუფლება ბაიდენის ინტერესებშია”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.