უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკსა და მის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს შორის სიტაცია უკიდურესად დაიძაბა. ბოლო დღეების განმავლობაში არესტოვიჩი ზელენსკის მწვავედ აკრიტიკებს და დიქტატორსაც კი უწოდებს. არესტოვიჩი მოითხოვს, რომ მომავალი წლის მარტში, როცა კალენდარულად ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები უწევს, დაინიშნოს, რადგან უკრაინის კანონის მიხედვით, ომის დროს არჩევნები არ ტარდება. არესტოვიჩი ამბობს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატად კენჭის ყრას აპირებს. ის ფიქრობს, რომ უკრაინის ომი ჩიხშია შესული და მას აქვს კონკრეტული გეგმა, როგორ დაასრულოს ომი, რომელიც უკრაინელი ხალხისთვის მისაღები იქნება.
გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალ Time-ის სკანდალური სტატიის წყარო არესტოვიჩი იყო. როგორც სტატიის ავტორი წერს, კიევში ვიზიტის დროს ზელენსკის გარემოცვის ერთ-ერთმა წევრმა უამბო, რომ უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა მას უღალატეს და ის ომის მოგების საშუალების გარეშე დატოვეს.
ავტორი წერს, რომ ზელენსკის გარემოცვის ზოგიერთი წევრი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი თავს იტყუებს.
„ჩვენ არ გვაქვს ვარიანტები. ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ. მაგრამ სცადეთ და უთხარით ეს მას“, – განუცხადა ერთ-ერთმა წყარომ სტატიის ავტორს.
არესტოვიჩი კი აცხადებს, რომ წელიწად-ნახევრის განმავლობაში „ჩვენ ვერ გავიაზრეთ, რომ მოქმედ სისტემას არათუ გამარჯვებისკენ არ მივყავართ, არამედ ის მთელი ძალით მიგვათრევს კატასტროფისკენ. პოპასნაიას, სევეროდონეცკის, ლისიჩანსკისა და ბახმუტის შემდეგ ავდეევკის დაკარგვის პერსპექტივა არის განაჩენი სისტემის. თუ დავკარგავთ ავდეევკას, ჩნდება კითხვა: რატომ ხდება ისე, რომ ერთი სცენარის მიხედვით ზედიზედ უკვე მეხუთე ქალაქს ვკარგავთ?“ – ამბობს ალექსეი არესტოვიჩი.
ერთ-ერთმა ჟურნალისტმა არესტოვიჩს მიმართა კითხვით, იმის ფონზე, რომ მან ვოლოდიმირ ზელენსკის, პრაქტიკულად, უწოდა დიქტატორი, როგორ აფასებს რისკებს, რომელიც მის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთანაა დაკავშირებული?
„პარტნიორების მიწვევით საზღვარგარეთ ვიმყოფები, სადაც ბევრ შეხვედრაზე მთავარი სპიკერი ვარ. რისკები საკმარისად ბევრია. რა არ მიწოდეს, მოღალატიდან დაწყებული, სისხლის სამართლის დამნაშავით დამთავრებული. არის სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც ჩემ წინააღმდეგ აღძრულია უმაღლესი რადას დეპუტატების მიერ და ეს აჩვენებს, როგორ ატმოსფეროშია ახლა უკრაინა. ყველაფერი ამის ცვლილებაა საჭირო. რისკებს ვაფასებ ფხიზლად, სრულიად არ მეშინია. აღძრული სისხლის სამართლის საქმეები ხელს არ შემიშლის საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობაში. ადამიანი არის უდანაშაულო, ვიდრე არ იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება. არ ვფიქრობ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება“, – ამბობს არესტოვიჩი.
მისივე თქმით, რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ უკრაინა მიიღებს გარანტიებს არა მხოლოდ დასავლეთისგან, არამედ სხვა ქვეყნებისგანაც.
ჟურნალისტმა რომანენკოს კითხვაზე: „რუსეთთან ნებისმიერი მოლაპარაკება არ შეიძლება დაიწყოს იმაზე ადრე, ვიდრე უკრაინა არ მიიღებს უსაფრთხოების გარანტიებს დასავლეთისგან? არესტოვიჩმა განაცხადა: „მოდით, ეს ფორმულა დავალაგოთ: თავიდან გარანტიები, არსებითი მოლაპარაკებები, რომლის მიხედვითაც, მკვეთრად შემცირდება რუსეთის გავლენა იმ შემთხვევაში, თუ დაარღვევს ამ გარანტიებს. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ცეცხლის შეწყვეტა და მოლაპარაკებები“.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ, დიდი ალბათობით, ალექსეი არესტოვიჩი უკრაინაში გარკვეულ პოლიტიკურ წრეებში მხარდაჭერით სარგებლობს და ის ამის გამოყენებას შეეცდება. ზაქარეიშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ ის რუსეთისთვის სასურველი ფიგურა იყოს, რადგან იციან, რომ ვოლოდიმერ ზელენსკი არ წავა იმაზე, რასაც მოლაპარაკება ჰქვია. ამიტომ არესტოვიჩი გახდეს ის პირი, რომელზეც იმედს დაამყარებენ.
„არესტოვიჩის ბოლო დროს დაწყებული აქტიურობა, ფაქტია, იმაზე მეტყველებს, რომ მას უკრაინაში მხარდაჭერა აქვს. როგორც ჩანს, ის უკრაინულ ელიტის ნაწილში სიმპათიებით სარგებლობს და ფიქრობს, რომ ეს მას დაეხმარება. ის არის ახალგაზრდა და საკმაოდ საინტერესო ფიგურა, რომელსაც დიდი ალბათობით პრეზიდენტობაზე ამბიციები აქვს. უკვე კიევში ალაპარაკდნენ იმაზე, რომ ხომ არ სჯობს დაინიშნოს არჩევნები და თუკი ზელენსკის ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მან ეს ლეგიტიმაცია კიდევ ერთხელ მოიპოვოს. ის, რომ უკრაინის ომი ჩიხში შევიდა, ამაში მხოლოდ ზელენსკი დამნაშავე ვერ იქნება. აქ ძალიან ბევრი მიზეზია, რის გამოც უკრაინის ომი ასე გაიწელა. ამას რუსებიც ძალიან კარგად ათვიცნობიერებენ და დასავლეთშიც ხვდებან, რომ რაღაცა გამოსავალი უნდა მოინახოს. თუმცა, თუკი არესტოვიჩი იქნება ის ფიგურა, რომელზეც დასაველთშიც და რუსეთშიც შეთანხმდებიან, მაშინ მას უკრაინელი ხალხის ლეგიტიმაცია დასჭირდება. აქ კი ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ისაა, რომ თუკი ომი შეჩერდება და გაიყინება, მაშინ უკრაინელ ხალხს გაუჩნდება კითხვები, ამდენი სისხლისღვრა რა საჭირო იყო. ამიტომ აქ ასე მარტივად არ მგონია, რომ სიტუაცია გადაწყდეს. მე მაინც ვფიქრობ, რომ თუკი საჭირო გახდება, ზელენსკიმ უნდა დანიშნოს არჩევნები და ერთხელ კიდევ აჩვენოს ყველას, რომ მისი ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. რაც შეეხება არესტოვიჩს, მის მიმართ რუსებთან თანამშრომლობაზე კითხვები არსებობს, ამიტომ მან ამ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს“, – ამბობს ზაქარეიშვილი.
რაც შეეხება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროს ზალუჟინს და მის განცხადებებს ომის ჩიხში შესვლასთან დაკავშირებით, ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ალბათ, ამაზე პირველ რიგში, პასუხი თავად ზალუჟინმა უნდა გასცეს, რადგან თუ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადაგეს, ეს ზალუჟინია.
ანალიტიკოსი და „ხალხის ძალის“ ლიდერი დავით ქართველიშვილი კი for.ge-სთან ამბობს, რომ უკრაინის კანონის თანახმად, ქვეყანაში სანამ საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, არჩევნები არ ტარდება. შესაბამისად, კალენდარულად თუ მოუწევს უკრაინას ომის პერიოდში არჩევნების ჩატარება, ზელენსკის უფლება აქვს, რომ ეს არჩევნები არ დანიშნოს და უფლებამოსილება ავტომატურად გაუგრძელდება.
„ძალიან კარგად მესმის არესტოვიჩის განცხადებების, რადგან ომი რაიმე ზავით ან ხელშეკრულებებით დასრულდეს და არჩევნები ჩატარდეს, გამორიცხულია. არესტროვიჩი არც მალავს, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილოების მიღებას აპირებს და მგონია, ზელენსკისთვის არცთუ სუსტი მეტოქე იქნება. რაც შეეხება იმას, ვისი კანდიდატი შეიძლება იყოს არესტოვიჩი, დიდი ალბათობით, იგი რუსეთის ინტერესებს ყველაზე კარგად ერგება.
ხოლო თუ არსებობს კულუარული შეთანხმება ამერიკასა და რუსეთს შორის უკრაინის ომის დასრულებაზე, მაშინ, შესაძლოა, არესტოვიჩი ორ მხარეს შორის შეთანხმებული ფიგურა იყოს. რა შეიძლება ამის დასტურად მოვიყვანოთ?! რამდენიმე დღის წინ ამერიკის კონგრესში ძალიან საინტერესო მსჯელობა მიმდინარეობდა, სადაც უკრაინისთვის ახალი დახმარების პაკეტის გამოყოფაზე მსჯელობდნენ. ამ მოსმენებზე რესპუბლიკელთა ფრაქციის სახელით კონგრესმენი გარსია გამოვიდა, რომელმაც ძალიან საინტერესო მოსაზრება გააჟღერა და ბაიდენის ადმინისტრაციას 5-პუნქტიანი ულტიმატუმი წაუყენა. ამ ულტიმატუმში საუბარი მიდიოდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერაბაზე მანამ, სანამ პრეზიდენტი ბაიდენი და ზელენსკი არ წარადგენენ კონგრესში ე.წ. გამარჯვების სტარტეგიას. ანუ სანამ ამერიკის ხალხს და კონგრესს არ აუხსნიან, ამ ომის დასასრულს რაში ხედავენ. ასევე კონგრესმენები ითხოვენ ხშირად მოხდეს მოხსენება იმაზე, უკრაინისთვის მიცემული ესა თუ ის ფინანსები რაში დაიხარჯა; რა ტიპის შეიარაღება იქნება შესყიდული და ა.შ. გარდა ამისა, კონგრესმა მოითხოვა უკრაინის ფრონტზე არსებული მდგომარეობის სისტემატურ რეჟიმში ინფორმაციის მიწოდება და რა ხელშესახებ შედეგებამდე მივიდნენ უკრაინელები კონტრშეტევის დროს. უკრაინის ომი ჩიხშია შესული, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ არესტოვიჩი გახდეს ის ფიგურა, რომლის მეშვეობითაც დასავლეთიც და რუსეთიც კონფლიქტს მოლაპარაკების მაგიდასთან დაასრულებენ“, – ამბობს ქართველიშვილი.
მისივე თქმით, ამერიკაში 2024 წლის არჩევნებმადე უკვე განსახილველად შემოგდებულია თემაა, უკრაინაში ომის გაგრძელების მიზანშეწონილობაზე. ანალიტიკოსის აზრით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ორი ძირითადი მოთამაშის, ამერიკასა და რუსეთს შორის, ომის დასრულებასთან დაკავშირებით, რაღაცა კულუარული მოლაპარაკებები და ხედვების დაახლოვება მიმდინარეობს.