ვცდილობთ, უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ადამიანის უფლებებს შორის ერთგვარი ბალანსი ვიპოვოთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავენ.
„ჩვენ ვცდილობთ, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ადამიანის უფლებების, სამოქალაქო უფლებების პრინციპებს შორის ერთგვარი ბალანსი ვიპოვოთ. იდეალური ვერ ვიქნებით, იდეალურ სისტემას ვერ შევქმნით. იგივე საერთაშორისო გამოცდილება ჩვენ გვაჩვენებს, რომ ყველა ქვეყანას აქვს განსხვავებული მიდგომა, თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია ზოგადად ქვეყანაში შექმნილ უსაფრთოების გარემოზე, დემოკრატიის განვითარების ხარისხზე და შესაძლებლობაზე და ჩვენ ამ დროსა და სივრცეში ვცდილობთ, ერთგვარი ოქროს შუალედი ვიპოვოთ. რთულია, კაცობრიობის გამოწვევაა სწორედ ის, რომ უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებების პრინციპების უზრუნველყოფის მიმართულებით ბალანსი იპოვოს. ეს მარტივი არ არის, თუმცა რა სისტემაც გვქონდა, იმაზე უკეთესს და უკეთესს ვიღებთ და ეს არ არის საბოლოო, პროცესი უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
