17 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მომღერალ არჩილ მეფარიძის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. ბრალდებული სასამართლო სხდომას არ დასწრებია. სხდომაზე დაიკითხა დაზარალებულად ცნობილი ლელა ჯუღელი, რომელიც მომღერალს ფიზიკურ ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ადანაშაულებს.
საქმე ეხება 2022 წლის 8 აპრილს, თბილისში მომხდარ ინციდენტს, რომლის დეტალებსაც, ლელა ჯუღელი Newshub-თან დეტალურად იხსენებს:
„ეს იყო ხარება დღე, როდესაც ავტომობილით გადავადგილდებოდი ჩემი შვილის სახლის მიმართულებით ვაკეში, კერძოდ, ყიფშიძის ჩასახვევში. კორპუსთან მანქანის პარკირება ვერ მოვახერხე და დაახლოებით ერთი მეტრი საპირისპირო მიმართულებით ვიარე, რომ მომეხერხებინა მანქანის გაჩერება. კარგი ამინდი იყო და ფანჯარა ჩამოწეული მქონდა. ამ დროს, საპირისპირო მხრიდან მომავალი შავი ჯიპიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს. იმწუთასვე ვიცანი ცნობადი სახე, მოძალადე მეფარიძე და მივუთითე, რომ გაევლო. საცობის შექმნასთან დაკავშირებით მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაზედაც ვუპასუხე – შენ ვინ გეკითხება?! მეტი კომუნიკაცია იმ მომენტში არ მქონია…
შემდეგ მოვაბრუნე მანქანა, თურქეთის და ირანის საელჩოებს შორის გავაჩერე და იმ მომენტში, როცა მივტრიალდი უკანა სავარძლიდან ჩანთის ასაღებად, უეცრად მომეპარა არაკაცურად. ფიზიკურად საკმაოდ მაღალია და მე პატარა მანქანა მყავს. პირველი რაც გააკეთა, წიხლი ჩაარტყა კარს ზუსტად იქ, სადაც მე ვიჯექი. სავარაუდოდ, უნდოდა, რომ წიხლი ჩემთვის ჩაერტყა სახეში, რადგან მეუბნებოდა – „ჩაგაკლავ“ და „მოგკლავო“, მაგრამ მანქანის კარმა გააჩერა. პირველი რეაქცია იყო შოკი. არ ველოდი, მოულოდნელად თავს როცა გესხმიან მოპარვით, შემეშინდა. მინა მქონდა ჩაწეული, ხელი დაადო ფანჯარას და არც ფანჯრის აწევის და არც მანქანიდან გადმოსვლის საშუალებას არ მაძლევდა. ვიყავი სრულიად უსუსური, რადგან მანქანიდან ვერ გადმოვდიოდი, ტელეფონი ჩანთაში მედო, ვერ ვიღებდი და თავს ვერანაირად ვერ ვიცავდი.
შემდეგ მომიქნია ხელი, მუშტი ჩამარტყა სახეში და ფოტოც არსებობს ამის, რომ დანარტყამი მემჩნეოდა. დამიზიანდა ყური, რომელიც ჩემთვის ძალიან პრობლემურია. წლების წინ გაკეთებული მაქვს ოპერაცია. ამ ინციდენტამდე, ოპერაციის შემდეგ ყური საერთოდ არ ამტკივებია და საერთოდ პრობლემა არ შემქმნია. ამ მუშტის დარტყმის შედეგად, გავბრუვდი იმ მომენტში, თვალებში დამიბნელდა, შუილი დამეწყო და ძალიან ცუდად გავხდი – როგორია ამხელა კაცი რომ მოგიქნევს მუშტს? იმ მომენტში, შეიძლება რაღაც მეც ვუთხარი, მაგრამ არც მანამდე და არც შემდეგ ისეთი არაფერი გამიკეთებია, რომ პარკირების გამო, ადამიანი ფიზიკურად გამსწორებოდა.
დარტყმის შემდეგ, კიდევ შემაგინა. კადრებში ჩანს, კიდევ რომ უნდოდა რაღაც ექნა, არ ვიცი, იმ მომენტში თავს როგორ ვიცავდი… დამარტყა, კარგად მოიოხა გული, ჩაგაკლავო მეძახა და შემდეგ გაიქცა. მართლა ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის საშიში პიროვნებაა, რადგან სავარაუდოდ, იმპულსური და აფექტური ადამიანია. ეს ინციდენტი ჩემთვის ძალიან დიდ შიშთან ასოცირდება. ამის შემდეგ, ძალიან დიდი ხანი მანქანას ვერ ვმართავდი და დღემდე, მანქანაში როცა ვჯდები, პირველი რასაც ვაკეთებ – სარკეში ვიყურები და ვამოწმებ, უკნიდან ვინმე ხომ არ მოდის.
გარდა ფიზიკური ძალადობისა, მორალურადაც ძალიან იმოქმედა და ჩემს მენტალურ ჯანმრთელობაზეც აისახა ძალადობის ეს აქტი. ჯერ ერთი, მაგას ვინ ეკითხება, მე თუ ავტომობილით არასწორ მანევრს გავაკეთებ. ამისთვის არსებობს საპატრულო პოლიცია და გადავიხდი ჯარიმას…
როგორც ლელა ჯუღელი ამბობს, პოლიციას მომენტალურად აცნობა ფიზიკური ძალადობის ფაქტის შესახებ და სავარაუდო დამნაშავის ვინაობაც დაუსახელა.
„სახლში რომ ავედი და წყალი დავლიე, დამირეკეს პოლიციიდან და დაახლოებით 20 წუთში, მაქსიმუმ ნახევარ საათში წავედი ვაკის პოლიციაში. ძალიან ცუდად ვიყავი, მაღალი წნევა, ყურის ტკივილი, თავბრუსხვევები მქონდა და გამომძიებელმა თავისი ინიციატივით გამომიძახა სასწრაფო.
როგორც ვიცი, რამდენიმე დღის მერე მიბრძანდა მოძალადე მეფარიძე პოლიციაში, როცა გამომძიებლებმა დაიბარეს. მე კი მეორე დღესვე წავედი სამხარაულის ექსპერტიზაზე, იქ დავაფიქსირე, რომ ტკივილები მქონდა, მაგრამ სამხარაულის ექსპერტიზა გარეგან დათვალიერებას ახდენს და დასკვნაში წერია ის ყველაფერი, რაზეც მე ვსაუბრობ. ამის შემდეგ, მოვითხოვე, რომ ჩემთვის ჩაეტარებინათ დამატებითი ექსპერტიზა“, – იხსენებს ლელა ჯუღელი.
მისი თქმით, ექსპერტის ჩატარებაზე არვინ არ თანხმდებოდა, რაც უჩენს ეჭვს, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არჩილ მეფარიძის პროფესიიდან გამომდინარე, კოლეგიალობას იჩენდნენ.
„ჩემში ძალიან დიდ ეჭვს ბადებს ის, რომ დაახლოებით რვა თვის განმავლობაში ყველა ექსპერტი იცილებდა ჩემს საქმეს. მოგეხსენებათ, რომ მოძალადე პროფესიით ექიმია და დიდი ეჭვი მაქვს, რომ ანგარიშს უწევდნენ, რადგან მეუბნებოდნენ თანხმობას და როგორც კი იგებდნენ, რომელ შემთხვევას ეხებოდა საქმე, ბოლო წუთში ყველა უარს მეუბნებოდა. ექსპერტიზა რვა თვის შემდეგ ჩამიტარდა და იმ ექსპერტის დამოკიდებულებაც ცოტა გაუგებარი იყო, რადგან მითხრა, რომ ოპერაციის გამო დამწყებია ყურის ტკივილი, შუილები და თავბრუსხვევა, როცა ამ ოპერაციიდან ძალადობის აქტამდე ისე ვიცხოვრე, რომ ყურს საერთოდ არ შევუწუხებივარ“, – ამბობს ლელა ჯუღელი და აღნიშნავს, რომ ერთი წლის შემდეგ, როცა ჩივილებმა მაინც არ გაუარა, გერმანიაში ჩაფრინდა კვლევების ჩასატარებლად.
ლელა ჯუღელი სასამართლო პროცესების აღწერისას აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე მის მიმართ ცინიკური დამოკიდებულებით გამოირჩევა.
„ვფიქრობ, სასამართლო პროცესი ცოტა გაიწელა. თვითონ ხომ არ დადის სასამართლოზე. მის ადვოკატებს კი ხან დილით არ სცალიათ, ხან ღამე. სულ რაღაცის აცილების მცდელობები აქვთ. ირონიული დამოკიდებულება აქვთ ჩემს მიმართ და ცინიკურები არიან, რაღაც საათებზე და თარიღებზე მეკიდებიან. იქ ვიჯექი დღეს და ისეთი უხეში დამოკიდებულება ჰქონდათ. იმაზე მეკიდებოდა ადვოკატი, 10 საათზე გამოგიძახა სასწრაფო გამომძიებელმაო? საათებს რა მნიშვნელობა აქვს? თეთრზე რატომ მეუბნებიან, რომ შავია? მე ვარ დაზარალებული ქალი, ჩემზე იძალადეს ფიზიკურად, შემდეგ აღარ დასრულდა ჩემზე მორალური ძალადობა და ახლა იგივეს აგრძელებენ მისი ადვოკატები.
დღესაც გაუკეთებიათ განცხადება, რომ მეფარიძეს არ უძალადია ჩემზე და ბოლოს ისე არ მოხდეს, რომ მე დამაბრალონ მასზე ძალადობა. უკვე არ ვიცი, რა იქნება მისი ადვოკატების მხრიდან. ისე ირონიულად მესაუბრებოდნენ, მე არც გამიხედავს მათ მხარეს. თვითონ მოძალადე არ იმყოფებოდა, პროცესებზე ხშირად არ დადის. სულ რაღაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, არ ვიცი, ამ ცნობებს რანაირად აკეთებს. დღეს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და სოციალურ ქსელში „ლინკი“ ამომივარდა, რომ ხვალ 90-იანი წლების „ფართიზე“ კონცერტზე გამოდის. სასამართლოს დღეებში აქვს სულ რაღაც მიზეზი, ხვალ ცუდად არ იქნება… სავარაუდოდ, სასამართლო პროცესები მალე დამთავრდება და მიიღებს იმას, რაც ეკუთვნის“, – ამბობს ლელა ჯუღელი.
მისი თქმით, არჩილ მეფარიძის გარემოცვის წევრები ავიწროებენ სასამართლოს მიღმაც.
„ვიღაცებს არეკინებდა ჩემი ოჯახის წევრებთან. მერე ერთმა მეც დამირეკა. მე არ მაინტერესებს. თემა არის დახურული. ვერაფრით ვერ გამაკვირვებს. ერთადერთი, რაზეც ვფიქრობ და დღეს, სასამართლოზე რაც ვთქვი, არის ის, რომ ყველას მოგვდის ცხოვრებაში რაღაც გადაცდომა, მაგრამ ელემენტარული ბოდიშის მოხდის მცდელობაც არ ჰქონია. მისი წრე და მისი სამეგობრო ჩემი გაშავებით არიან დაკავებულები და ალბათ, მაგასაც ბედი უნდა, ვინ შეგხვდება მოწინააღმდეგე მხარეს. იმის მაგივრად, რომ ღირსეულად, თავი დახარო და გაჩუმდე, რაღაც საბჭოთა მეთოდებით არიან, რომ რაღაც დაგაბრალონ და თავი გამართლებინონ. მე ამაში ვერ ამიყოლიებენ“, – აღნიშნავს დაზარალებული.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მორალურ კომპენსაციაზე არ ფიქრობს და მხოლოდ სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი აქვს.
„არ ვიცი მომავალში რას გადავწვეტ, მაგრამ ახლა, მორალურ კომპენსაციაზე არ ვფიქრობ. ამდენი ხნის განმავლობაში რამდენი ფემიციდის, რამდენი ძალადობის, რამდენი უბედურების მომსწრე გავხდი და ახლა უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევ ქალთა მიმართ ძალადობას, ვიდრე იქამდე, სანამ მე დამემართებოდა ეს ყველაფერი. ჩემი ემოციური მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ტელევიზორში რომ ვუყურებ, უცნაურად მეჩვენება ის, რომ საზოგადოება მის რესოციალიზაციას უწყობს ხელს. გამოდის, კონცერტებს ატარებს, ემღერება და კარგ ხასიათზეა. სანამ განაჩენი არ დადგება, რა თქმა უნდა, ამის უფლება აქვს, მაგრამ რაღაც მორალური ხომ არსებობს?
ახლა, ჩემი ერთადერთი მიზანია, რომ საზოგადოებას სასამართლოს ობიექტური გადაწყვეტილებით ვაჩვენო, რომ მოძალადეს არ აქვს არც პროფესია, არც თანამდებობა – მოძალადე არის მოძალადე და თუ ის დაისჯება, ვფიქრობ, რომ ეს ბევრისთვის იქნება მაგალითი.
კანონმორჩილი მოქალაქე ვარ. თუ იქ დავარღვიე მოძრაობის წესი, გადავიხდიდი ჯარიმას. ვითხოვ, რომ სამართლებრივად მოხდეს ყველაფერი და სასამართლომ გამოიტანოს ობიექტური გადაწყვეტილება. არსებობს ვიდეოჩანაწერები და მაქვს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა. სასამართლოსგან ველოდები ობიექტურ გადაწყვეტილებას და მჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება ობიექტური და ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ“, – ამბობს ლელა ჯუღელი.