“პირველივე ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატს 20 ხმა სჭირდება” – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, თუ რომელიმე კანდიდატი ხმების 50%-ს პლუს ერთ ხმას, ანუ 20 ხმას მიიღებს, კენჭისყრა პირველივე ტურში დასრულდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეორე ტური ორ ყველაზე მეტი ხმის მქონე კანდიდატს შორის გაიმართება.
ჯაღმაიძის განცხადებით, ინტრონიზაციის თარიღი ხვალ გამოცხადდება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას უკვე არჩეული პატრიარქი მიიღებს.
“მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, იმისათვის, რომ პირველივე ტურში დასრულდეს კენჭისყრა და გამოვლინდეს პატრიარქი, საჭიროა 50%-ს პლუს ერთი ხმა. ჩვენს შემთხვევაში ეს არის 20 ხმა, თუ 20 ხმა ექნება რომელიმე კანდიდატს, მეორე ტური აღარ გაიმართება. თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს 20 ხმას, მაშინ მეორე ტურში იქნება ორი უპირატესი ხმის მქონე კანდიდატს შორის კენჭისყრა.
ინტრონიზაციას ხვალ გამოვაცხადებთ, ინტრონიზაციის თარიღის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უკვე გამორჩეულმა პატრიარქმა”, – აცხადებს დეკანოზი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მამა ანდრია (ჯაღმაიძე).
შეგახსენებთ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ, ხვალ, 11 მაისს სამების ტაძარში გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამების მიმდებარე ტერიტორიაზე ხვალ დილის 9 საათიდან იზღუდება გადაადგილებაც.
