საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს პროგრამის ახლადდანიშნულ დირექტორს, მაიკ მაკმაჰონს შეხვდა.
სუს-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და INL-ს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის საკითხზე და INL-ის პროგრამის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში სუს-ის წარმომადგენლების ჩართულობაზე ისაუბრეს.
სუს-ის სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს არაერთხელ მიეცათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ INL- ის პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ, პროფესიული შესაძლებლობის განვითარების ღონისძიებებში. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ამ მიმართულებით INL-ის მიერ გაწეულ მხარდაჭერას. საუბარი შეეხო თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.
როგორც სუს-ში აღნიშნავენ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის აქტიური მხარდაჭერით, INL-ის პროგრამის ფარგლებში, წლების მანძილზე, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა ქართულ სამართალდამცავ სფეროში. პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დახმარება დღესაც უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, რაც განსაკუთრებით დასაფასებელი და მნიშვნელოვანია ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში მჭიდრო თანამშრომლობის და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების უზრუნველსაყოფად.
ვახტანგ გომელაური აშშ-ის საელჩოს INL-ის პროგრამის დირექტორს მაიკ მაკმაჰონს შეხვდა
2017/02/11 10:48:09

კომენტარები
ნანახია: 1479 ჯერ