“28 დეკემბერს აფხაზეთის სეპარატისტული პარლამენტი კვლავ განიხილავს ბიჭვინთის საბჭოთადროინდელი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაზე შეთანხმების რატიფიცირების საკითხს. ამას ადგილობრივი ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტური ჯგუფები ეწინააღმდეგებიან და უკიდურეს შემთხვევაში დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას დამხობითაც იმუქრებიან. პარალელურად, რუსეთი აგარაკების გადაცემის მოთხოვნით, სადაც საბჭოთა ლიდერები ისვენებდნენ-ხოლმე, სეპარატისტებზე წნეხს აძლიერებს. ეს გამოიხატება როგორც კულუარულ მოლაპარაკებებში სოხუმის რეჟიმის ხელმძღვანელებთან, ასევე სხვადასხვა სახის ეკონომიკური სანქციებით მანიპულირებაში. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე “მთელ კვირსასთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ რუსები თავიანთი ქმედებებით, აფხაზებსა და ოსებს საქართველოსკენ უბიძგებენ”, – წერს გაზეთი ”რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ბიჭვინთის აგარაკებზე მოსკოვი ბჟანიას რეჟიმს ხელებს უგრეხს – სოხუმში საახალწლოდ ფეთქებადსაშიში სიტუაციაა.
“საზოგადოება ჩინოვნიკების გარდა არის ერთ პოზიციაზე, იმასთან დაკავშირებით რომ ეს ტერიტორია არ გადაეცეს რუსეთს, მერე არ დაიწყოს აპარტ-ოტელების მშენებლობა. მაგრამ არაფერი არ გამოუვათ იმიტომ, რომ რუსებმა დაიწყეს ჭანჭიკების მოჭერა: უფასო ენერგომატარებლებზე უარი უთხრეს აფხაზეთს, აქედან გამომდინარე 900 მილიონი რუბლი გაუხდათ გადასახდელი აფხაზებს და ეს უნდა გადაიხადონ წლის ბოლომდე. თუ არ გადაიხდიან, მაშინ დენი აღარ ექნებათ. გარდა ამისა რუსები მანიპულირებენ მუდმივად იმ ტრანშებით, რომელსაც სოციალურ ფონდში რიცხავენ, თუ ეს ტრანშები არ იქნა დროზე, მაშინ აფხაზეთში ვერ დაარიგებენ ხელფასებს და ვერ გადაიხდიან პენსიებს. რუსები ასე აკეთებენ: საერთოდ გადარიცხვები არის მაისში და წლის ბოლოს. როცა რუსებს რაღაცა გაურთულდებათ აფხაზებთან, აღარ აძლევენ ამ თანხებს და წელავენ მანამ, სანამ არ დაითანხმებენ აფხაზებს რაღაცაზე. ახლაც ასე იქნება. თუ აფხაზები 28-ში არ მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას, მაშინ წლის ბოლოს არ იქნება ეს ტრანში”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
“რაც არ უნდა გამოვიდეს ოპოზიცია და იძახოს რომ მთავრობა გადავაყენოთო, ეს ოპოზიცია არის წინა მთავრობის მხარდამჭერი. წინა მთავრობა ზუსტად მაგიტომ დაამხეს. აფხაზები ხვდებიან უკვე, რომ ამ პრობლემას ასე ვერ გადაწყვეტენ, იმდენჯერ ჩამოაგდეს თავისი პრეზიდენტი და იმდენჯერ გადააყენეს რომ ზუსტად ერთი და იგივე მიზეზის გამო, რათა მიხვდნენ უკვე, რომ კომიკურ მდგომარეობაში არიან. სხვათაშორის იგივე ვითარებაა ე.წ. სამხრეთ ოსეთში. იქაც საკმაოდ რთული ვითარებაა იმ თვალსაზრისით, რომ სერიოზული პრობლემები შეუქმნეს ოსებს – საზღვარზე დაუწესეს საბაჟო გადასახადი. ადრე იყო საბაჟო გადასახადი მხოლოდ ალკოჰოლზე და სპეციფიკურ ნივთებზე, ახლა არის ყველაფერზე, ყველაფერზე დაუწესეს და გაუძვირეს. ფაქტობრივად ცხინვალში ცხოვრების ფასი გაორმაგდა – ძალიან გაძვირდა”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“აქ საინტერესო ტენდენცია იკვეთება, აფხაზები და ოსები ლაპარაკობენ, რომ რუსეთი ხელოვნურად ხელს გვიბიძგებს საქართველოსკენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ყარაბაღის მოვლენებმა ძალიან თავის როლი ითამაშა – ეშინიათ, იგივე არ გააკეთოს საქართველომ. თუ თავიდან ლაპარაკი იყო იმაზე, რომ შეიარაღებული ფორმით უნდა გააკეთონ, ახლა დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ, აი, რუსეთი სხვადასხვა ეკონომიკური აქტივობებით გვიბიძგებს საქართველოსკენ. მაგალითად, ჭორია გავრცელებული იმის თაობაზე, თითქოს მთელი გაგრა შეისყიდეს მოსკოველმა ქართველებმა. ამაზე ლაპარაკობს ისეთი სერიოზული ოპოზიციონერი ლიდერი, როგორიცაა, მაგალითად, ნატალია სმირი. ძალიან არეული სიტუაციაა აფხაზეთში ვეღარ გაურკვევიათ, რა უნდათ საზოგადოებაში”, – ამბობს ექსპერტი.
“პროტესტს გამოთქვამენ ყველაფერზე, რუსეთის ქმედებაზე, ქართველების ქმედებაზე, ეკონომიკურ ვითარებაზე და ა.შ. ამასთან, წამოვიდა ახალგაზრდა თაობა, რომელიც უფრო კრეატიულად აზროვნებს, ვიდრე მათი წინა თაობა, რომელიც ამ ფაქტობრივი მოვლენების შემსწრე იყო, მე ვგულისხმობ ომს. ახალი თაობა ახალ მოთხოვნებს აყენებს. მათ შორის ბევრს აქვს მიღებული განათლება საზღვარგარეთ და აქედან გამომდინარე სხვა ტიპის აზროვნების სტრუქტურა აქვთ. რუსეთს არ სჭირდება აფხაზეთის ანექსია, ანექსირებული აქვს ისედაც, ჯარი იქ არის, ერთი და იგივე კანონმდებლობა მოქმედებს, პასპორტების დარიგება მიდის რამდენი ხანია კონვეირულად, მეტი რა გააკეთოს რუსეთმა, მაინც და მაინც გადააყენოს ბჟანია და დანიშნოს ივანოვი, არ გააკეთებს მაგას, რადგან არ სჭირდება”, – განმარტავს მამუკა არეშიძე.