ვალერი გელაშვილი ამბობს, რომ მხოლოდ ვანო მერაბიშვილის და რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის დასჯა საკმარისი არ არის, რადგან მისი ცემის ბრძანება მიხეილ სააკაშვილმა გასცა.
“ამოღებული ჩანაწერებით დასტურდება, რომ ჩემი ცემის დროს მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ ერეკლე კოდუას ვანო მერაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ეკონტაქტებოდნენ, დავალებებს აძლევდნენ”, – ამბობს ბიზნესმენი.
ყოფილი დეპუტატი ექს პრეზიდენტს, სისხლის სამართლის საქმის გარდა, სამოქალაქო ნაწილშიც ედავება. გელაშვილის მტკიცებით, მის ბიზნესს სააკაშვილის ხელისუფლებამ 20 მილიონამდე ზარალი მიაყენა. ბიზნესმენი ანაზღაურებასაც ითხოვს.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო – ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის განაჩენი. პირველი ინსტანციის განაჩენის გაუქმების მოთხოვნით მეორე ინსტანციას მსჯავრდებულმა მიმართა.
