ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი გამოეხმაურა ცალკეულ მედია საშუალებებში „ეარ ჯორჯიას” დამფუძნებლის, გიორგი კოდუას განცხადებას, რომლის თანახმადაც მის კომპანიას აქვს აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების სურვილი, მაგრამ ამაში ხელს მთავრობა, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტრო უშლის. მინისტრის მოადგილის შეფასებით, გიორგი კოდუას მხრიდან მიზანმიმართულად ხდება ყალბი, მიკერძოებული ინფორმაციის გავრცელება.
„Imedinews“-თან საუბარში მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ შპს „ეარ ჯორჯიას“ მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის მოწოდებული სამწლიანი ბიზნეს გეგმა არ ითვალისწინებდა ფრენებს ამერიკაში. მისი თქმით, „აირ ჯორჯიასთვის“ გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემას წინ უძღოდა რამდენიმეთვიანი განხილვის პროცესი, რაც განპირობებული იყო ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების არაერთი შეუსაბამობით მოქმედ კანონმდებლობასთან.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, „ეარ ჯორჯიას“ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი და საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ 2022 წლის დეკემბერში გაუქმდა, რადგან შპს „აირ ჯორჯიას“ ექსლუატაციაში მყოფი ერთადერთი თვითმფრინავი – Airbus 330-343 ტიპის საჰაერო ხომალდი სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღებულ იქნა აღნიშნული საჰაერო ხომალდის მესაკუთრის მოთხოვნით. მისი თქმით, კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ავიაკომპანიის ექსპლუატაციაში საჰაერო ხომალდის არყოლა წარმოადგენს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის და გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების ერთ-ერთ პირდაპირ საფუძველს.
როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, შპს „აირ ჯორჯიას“ კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელების 2022 წლის ივლისში მინიჭებული უფლებამოსილებისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი 6 თვიანი ბიზნესგეგმის მიუხედავად, არ შეუსრულებია არც ერთი რეისი. კერძოდ, მისი ინფორმაციით, გიორგი კოდუას კომპანიას არ დაუწყია სააგენტოში წარმოდგენილი ბიზნესგეგმით მითითებული მიმართულებებით (თბილისი – ბანგკოკი – თბილისი; თბილისი – ერევანი – თბილისი; ერევანი – ბანგკოკი – ერევანი; ერევანი – ტორონტო – ერევანი; თბილისი – ტორონტო – თბილისი; თბილისი – შარმ-ელ-შეიჰი – თბილისი; ასევე, დამატებით ათი სატვირთო რეისი ჩენდუ – მაასტრიხტის მიმართულებით სველი იჯარით აყვანილი ბორტით – სულ ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით – 32 რეისი) ოპერირება.
მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, გიორგი კოდუა 1996-2022 წლებში იყო არაერთი ავიაკომპანიის მფლობელი თუ თანამფლობელი (გაკო კავკასია; ეარ ბისეკი; ნაციონალური ავიახაზები, სქაი ჯორჯია, ეარ კავკაზუსი, ეარ ჯორჯია, აირ ჯორჯია) და ავიაკომპანიების საქმიანობის შეჩერების მიზეზი იყო სამოქალაქო ავიაციის სფეროში დადგენილი ფრენის უსაფრთხოების სტანდარტების მნიშვნელოვანი დარღვევა ან ვალდებულებების შეუსრულებლობა.
ამასთან, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ აშშ-სთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყება და ამ მიმართულებით მუშაობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
„ეკონომიკის სამინისტრო იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს იმისთვის, რომ მოხდეს ამერიკული ავიაკომპანიების დაინტერესება საქართველოში ფრენების ოპერირებაზე. ტრანზიტული გზით აშშ-სა და საქართველოს შორის 75 000-მა მგზავრმა იმგზავრა და შესაბამისად, ვხედავთ, რომ მგზავრთნაკადი არის, თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხრიდან იყოს მზაობა და გამოხატული ინტერესი ორ ქვეყანას შორის ფრენების განხორციელებაზე. ამას ექნება ძალიან დიდი სტიმული ჩვენი ქვეყნის ტურიზმისა და ეკონომიკისთვის, მაგრამ, ამავდროულად, ამას ასევე ექნება მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა. აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებთ, რომ ორივე ქვეყნის ჩართულობითა და მონდომებით შევძლებთ, დადებითად გადაწყდეს ამერიკული ავიაკომპანიების მხრიდან გადაწყვეტილების მიღების პროცესი,“ – განაცხადა ქვრივიშვილმა.