“რაც შეეხება თავად მედიის წარმომადგენლებს, მენეჯერებისა და რიდექტორის გარეშე, მათი ნახევარი საერთოდ არ მივიდა იმ მიტინგზე, რადგან მათ იციან, რომ „რუსთავი-2“-ის ბედი მისი გენერალური დირექტორის ან მისი მესაკუთრის შეცვლით არ წყდება”, – აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” ინტერვიუში:
-„რუსთავი-2“ის იმ პერიოდიდან ვადევნებ თვალს, როდესაც ის ჯერ კიდევ რუსთავში იყო და ეროსი კიწმარიშვილს სტუდიის სახით ერთი ოთახი და კამერა ჰქონდა. მერე იყო ვარდების რევოლუცია, სადაც “რუსთავი 2″-მა, როგორც მედიასაშუალებამ, უდიდესი როლი შეასრულა და პოლიტიკოსების მხრიდან ყურადღება სწორედ ამ დიდმა როლმა გაამძაფრა. ამის მერე ტელევიზია ხელიდან ხელში გადადიოდა და ამ პროცესში მის პოლიტიკურ მესაკუთრედ ყოველთვის “ნაციონალური მოძრაობა” რჩებოდა. ის არის პარტიული მედია და თუკი სასამართლომ ეს გაამართლა, მაშინ ჩავთვლი, რომ სასამართლო პოლიტიკური გავლენის ქვეშაა. თუ მისი მესაკუთრე შეიცვალა და დაუბრუნდა პირვანდელ მფლობელს, რომელსაც პოლიტიკური ორიენტაცია საერთოდ არ აქვს, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სამომავლოდ ტელეარხი „რუსთავი-2“ პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლდება.
ჩვენთან რატომღაც ასეა მიღებული, რომ პოლიტიკური ზეწოლის განხორციელება მხოლოდ ხელისუფლებას შეუძლია, სინამდვილეში, ამის გაკეთება შეუძლია ნებისმიერი პოლიტიკურ ძალას, ვისაც ფინანსური ან სხვა ტიპის ბერკეტი აქვს. ამიტომ, ჩემი და არა მხოლოდ ჩემი აზრით, “რუსთვი 2″-ზე ზეწოლა ხორციელდება “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან და თუ ეს ზეწოლა მოიხსნება და მმართველი შეიცვლება, ამან შეიძლება სამომავლოდ „რუსთავი-2“ მაღალი ხარისხის, თავისუფალ და პოლიტიკურად დამოუკიდებელ მედიასაშუალებად ჩამოაყალიბოს.
– თუკი „რუსთავი-2“ ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა, ეს რა პროცესებს გამოიწვევს?
– მოდით ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. იმ აქციაზე, რომელსაც „რუსთავი-2“-ის მხარდასაჭერი ერქვა, 8 პარტია მონაწილეობდა, მათ შორის ის პარტიები, რომლებიც “ნაცმოძრაობის” სატელიტები იყვნენ და ეს მათი დაგეგმილი პოლიტიკური ღონისძიება იყო. რაც შეეხება „რუსთავი-2“-ის მხარდაჭერას, ლოგიკურად გაუგებარია, რას უჭერენ მხარს – ტელევიზიას თუ მის მესაკუთრეს? მესაკუთრე ჰორიზონტზე არ ჩანს და გამოდის, რომ “რუსთავი 2″-ის გენერალურ დირექტორს უჭერენ მხარს, რომელსაც ტელევიზიაზე პოლიტიკური გავლენა აქვს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტელევიზიის ხელმძღვანელობას და მის პოლიტიზირებას უჭერენ მხარს და არა თავისუფალ მედიას.
რაც შეეხება თავად მედიის წარმომადგენლებს, მენეჯერებისა და რიდექტორის გარეშე, მათი ნახევარი საერთოდ არ მივიდა იმ მიტინგზე, რადგან მათ იციან, რომ „რუსთავი-2“-ის ბედი მისი გენერალური დირექტორის ან მისი მესაკუთრის შეცვლით არ წყდება. არავინ აპირებს მის დახურვას და არც არავის აწყობს ეს. ტყუილად რატომ უნდა აიტკივონ თავი? უბრალოდ, საუბარია იმაზე, რომ “რუსთავი 2″-ის დეპოლიტიზირება მოხდეს.
წყარო: რეზონანსი