ჩვენს პარტნიორებს მოვუწოდებთ და ვთხოვთ – ნუ დაგვიშლით იმას, რაც თქვენთან ინიცირებულია ან მოქმედებს. ეს არის სწორი პარტნიორული და მეგობრული დამოკიდებულება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, უნდა შევძლოთ, რომ ქვეშევდრომებივით კი არ ვილაპარაკოთ, არამედ თანაბრად, თანასწორად ველაპარაკოთ ჩვენს პარტნიორებს, ვიდგეთ ორ ფეხზე მყარად და თავი არავის წავაქცევინოთ არანაირი მიმართულებიდან.
„მთავარი პრინციპია ახლა ის, რომ საქართველო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ მიაღებინებენ. მოსახლეობის უმრავლესობის მიერ, უკვე 60%-ზე მეტი ადამიანის მიერ მხარდაჭერილი ხელისუფლება შეძლებს თუ არა, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, რაც მიღებულია და მიიღება აშშ-ში, ევროკავშირში, საფრანგეთში. გვეტყვიან და არ გავაკეთებთ, თუ გვეტყვიან და მაინც გავაკეთებთ. ეს სიჯიუტეს კი არ ნიშნავს. ეს ნიშნავს პრინციპულობას და ეროვნულ თავმოყვარეობას. ცალ ფეხზე კი არ უნდა ვიდგეთ. ამ მიდგომამ ერთხელ გაამართლა – ცალ ფეხზე არ დავდექით და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ორ ფეხზე დავდექით მყარად და ვიღაცებს სურთ, რომ ცალ ფეხზე ვიდგეთ. გეუბნებიან, მე კი მაქვს, მაგრამ შენ არ უნდა მიიღო, იმიტომ, რომ დაგაშორებს ევროპას. რატომ? ამაზე პასუხი რომ არ არის, ეს არის შეურაცხმყოფელი. ამიტომ უნდა შევძლოთ, რომ ქვეშევდრომებივით კი არ ვილაპარაკოთ, არამედ თანაბრად, თანასწორად ველაპარაკოთ ჩვენს პარტნიორებს, ვიდგეთ ორ ფეხზე მყარად და თავი არავის წავაქცევინოთ არანაირი მიმართულებიდან. შესაბამისად, ჩვენს პარტნიორებს მოვუწოდებთ და ვთხოვთ – ნუ დაგვიშლით იმას, რაც თქვენთან ინიცირებულია ან მოქმედებს. ეს არის სწორი პარტნიორული და მეგობრული დამოკიდებულება“, – აღნიშნა მდინარაძემ.