პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც რევოლუციური სცენარებისთვის მოწადინებულია, კიდევ ერთხელ უთხრა, რომ რამდენჯერაც არ უნდა ისროლონ „მოლოტოვის კოქტეილი“ სახელმწიფოს, პარლამენტისა და პოლიციის წინააღმდეგ, ის მათ შეიწყალებს.
„ამით კიდევ ერთხელ უთხრა ქართული საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც რევოლუციური სცენარებისთვის არის აღტკინებული და მოწადინებული, რომ რამდენჯერაც ისვრით „მოლოტოვის კოქტეილს“ საქართველოს სახელმწიფოს, პოლიციისა და პარლამენტის წინააღმდეგ, ნუ გეშინიათ, სამართალს როდესაც დააყენებს ქართული სასამართლო, მე, როგორც პროექტის ადამიანი და არა საქართველოს პრეზიდენტი, ყოველთვის შევიწყალებ ადამიანებზე, პოლიციელებზე და ქართულ სახელმწიფოზე „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელს. ეს არის მისი გზავნილი, მისი პოზიცია და აქედან გამომდინარე, ჩვენ მოგვიწევს მომავალი ექვსი თვის განმავლობაში ასეთი ანტისახელმწიფოებრივი პოზიციის მქონე ადამიანის ატანა“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება მიღებული აქვს, თუმცა, დოკუმენტზე ჯერ ხელი არ მოუწერია.
სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიება გრიგორიადისს პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას, ასევე სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებოდა.