სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ანუკი ჩხიკვაძე გამოკითხვაზე დაიბარა. „ქრონიკის“ ჟურნალისტი გამომძიებლის კითხვებს ამ წუთებში პასუხობს.
ანუკი ჩხიკვაძე მთავრობის კანცელარიასთან გამართული აქციის მონაწილეების მიერ მის წინააღდეგ განხორციელებული მოქმედებების საქმეზე იმყოფება. აქციის მონაწილეები „იმედის“ ჟურნალისტს გუშინ მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. შეკრებილები ჟურნალისტის მისამართით შეურაცხმყოფელ რეპლიკებს ამბობდნენ, უსტვენდნენ და პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელს უშლიდნენ. აქციაზე მყოფი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები დემონსტრანტების ამ ქმედებებს არათუ გმობდნენ, არამედ ახალისებდნენ კიდეც.
მანამდე საგამოძიებო სამსახურში გიორგი აბაზაძე იმყოფებოდა, რომელიც უწყებაში პარლამენტთან გამართული აქციის მონაწილეების მიერ მის წინააღდეგ განხორციელებული თავდასხმის საქმეზე გამოიკითხა. 16 აპრილს აგრესიულად განწყობილი ჯგუფები გიორგი აბაზაძეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხნენ, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ხელს უშლიდნენ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.
როგორც ცნობილია „გამჭვირვალობის კანონპროექტის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფებს აქციის მონაწილეების მხრიდან მუდმივად ზეწოლის ფონზე უხდებათ მუშაობა. აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ხელით ეხებიან როგორც „იმედის“ ჟურნალისტებს, ისე ტელევიზიის ინვენტარს, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. გადამღებ ჯგუფს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიან ევროკავშირის დროშით აღჭურვილი ადამიანები.
აღსანიშნავია, რომ ძალადობას აქციის ორგანიზატორებიდან არავინ ემიჯნება. დუმს მესამე სექტორი.