უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის თქმით, უკრაინა, უპირველეს ყოვლისა, შეეცდება რუსეთის ტყვეობიდან გამოიხსნას მძიმე ავადმყოფები და მძიმედ დაჭრილები, აგრეთვე ქალები და ისინი, ვინც ყველაზე დიდხანს იმყოფება ტყვეობაში.
ეს ინფორმაცია 15 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბმა გამოაქვეყნა.
ბუდანოვმა ჩამოაყალიბა პრინციპები, რომელთა საფუძველზე ტყვეების გათავისუფლების საკითხზე მოლაპარაკებები წარიმართება. უპირველეს ყოვლისა, უკრაინა შეეცდება, სამშობლოში დააბრუნოს მძიმედ დაავადებული და მძიმედ დაჭრილი პირები, ასევე ქალები. უპირატესობა მიენიჭებათ მათაც, ვინც ყველაზე დიდხანს იმყოფება ტყვეობაში.
„ჩვენ ასევე ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები დაბრუნდნენ. კერძოდ, 2014 წლიდან ტყვეობაში მყოფნი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მარიუპოლის დამცველებს, უშუალოდ მათ, ვინც „აზოვსტალს“ იცავდა. ჩვენ არც ყირიმელ თათრებს დავივიწყებთ“, – განაცხადა მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა.
ბრიფინგზე ასევე აღინიშნა, რომ სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბთან შეიქმნა საზოგადოებრივი საბჭო, რომელშიც საკოორდინაციო შტაბის მუშაობაში მონაწილე სტრუქტურების ხელმძღვანელები შევლენ.
ბრიფინგს, ბუდანოვის გარდა, ესწრებოდნენ: ომბუდსმენი დიმიტრი ლუბინეცი, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვასილი მალიუკი, შინაგან საქმეთა მინისტრი, იგორ კლიმენკო, საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი ოლეგ ივაშჩენკო და უკრაინის გენერალური შტაბის სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, ალექსანდრე ვერბოვენკო.
ხუთშაბათს, 15 აგვისტოს, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან გამართულ შეხვედრაზე, წარმოდგენილი იყო რუსული ტყვეობიდან უკრაინელების დაბრუნების სტრატეგია. თუმცა, თავის ვიდეომიმართვაში ზელენსკის სტრატეგიის დეტალებზე არ უსაუბრია.
რა არის ცნობილი რუსეთთან ტყვეების გაცვლის შესახებ
17 ივლისს, რუსეთთან ტყვეების გაცვლის ფარგლებში, უკრაინაში 95 სამხედრო ტყვე დააბრუნეს. მათ შორის იყვნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები და მესაზღვრეები.
ეს იყო პატიმრების 54-ე გაცვლა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ. რუსეთის ტყვეობიდან უკრაინაში, საერთო ჯამში, 3405 ადამიანი დაბრუნდა.
ივნისში, შვეიცარიაში გამართული გლობალური სამშვიდობო სამიტის დროს, უკრაინელმა უფლებადამცველებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა წამოჭრეს საკითხი, რომ რუსეთის ფედერაციამ პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს სამხედრო ტყვეებთან და სამოქალაქო მძევლებთან მიმართებაში. მათ ყველა ავადმყოფი სამხედრო ტყვის, ასევე ბავშვებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლება მოითხოვეს.