კურსკის ოლქში უკრაინის მიერ დაწყებულ შეტევას ვლადიმერ პუტინმა „დიდი პროვოკაცია“ უწოდა. მან ბრძანა, რაც შეიძლება მალე განდევნონ „მტერი“ რუსული მიწიდან და, მამაკაცებისა და მათი ეკიპირების სახით, რეგიონში დამხმარე ძალას აგზავნის.
სამუშაოს აღწერილობა: „თავშესაფრებისა და სანგრების მომზადება/მოწყობა კურსკის ოლქში“. ინსტრუმენტები: „მიწოდებას ახორციელებს დამსაქმებელი“. ხელფასი: “თვეში 230 000 რუბლამდე [2 368 ევრო]“. რუსეთის მიწაზე უკრაინის შეჭრის დაწყებიდან ცხრა დღის შემდეგ, მოსკოვის რეაქცია ზოგჯერ მოულოდნელ ფორმებს იღებს. ზემოთ მოყვანილი განცხადება, რომელსაც „ფრანსინფო“ გაეცნო, ოთხშაბათს, 14 აგვისტოს, რუსეთის განცხადებების საიტ „ავიტოზე“ გამოქვეყნდა. „თავდაცვის მეორე ხაზის“ შესაქმნელად, რომელიც უკრაინის საზღვრიდან დიდი დაშორებით მდებარეობს, კრემლს კაცები, ბევრი მამაკაცი სჭირდება და მათ ბიოგრაფიას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. იქნებ, პროფესიული უნარ-ჩვევებია საჭირო? „არანაირი“.
როგორც ჩანს, თავისი ტერიტორიიდან „მტრის“ განდევნა რუსეთის არმიას, ჯერჯერობით, არ შეუძლია. ხუთშაბათს კიევმა განაცხადა, რომ კურსკის ოლქში 82 დასახლებას და 1150 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს. თუმცა, რუსი ოფიციალური პირების საჯარო განცხადებების თანახმად, უკრაინული ჯარები წინ აღარ მიიწევენ და თავს ამოსუნთქვის საშუალებას აძლევენ, რადგან მათი ადამიანური დანაკარგები უზარმაზარია. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად აქვეყნებს ვიდეოებს თავის ტელეგრამ-არხზე იმის შესახებ, თუ როგორ აჩერებენ, წვავენ ან აღადგენენ კიევის კუთვნილ ტექნიკას მისი მებრძოლები კურსკის სასაზღვრო რაიონებში.
კრემლი ადამიანური რესურსების შევსებაზე მუშაობს
თუმცა, სიტუაცია ადგილზე გაცილებით რთული რომ არის, იქ რუსეთის მიერ ადამიანური და მატერიალური რესურსების გაგზავნაც ადასტურებს. ხუთშაბათს, თავდაცვის მინისტრმა, ანდრეი ბელუსოვმა „ტელეგრამზე“ ბელგოროდის ოლქში „დამატებითი ძალებისა და აქტივების გამოყოფის შესახებ“ განაცხადა. მოსკოვმა ასევე დაიწყო ჯარების შეყვანა კურსკის ოლქში. „რუსეთმა თავისი ქვედანაყოფების ნაწილი ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებიდან სამხრეთ უკრაინაში გადაისროლა“, – არწმუნებს უკრაინის არმიის პრეს-მდივანი, დიმიტრი ლიხოვი გამოცემა „პოლიტიკო“-ს და იქვე განმარტავს, რომ საუბარია დანაყოფების „შედარებით მცირე“ რაოდენობაზე.
ვიდეო-რგოლის თანახმად, რომელშიც ლიეტუვას თავდაცვის მინისტრი, ლაურინას კაშჩიუნასი ვლადიმირ ზელენსკის ესაუბრება, რუსეთმა ასევე გასცა ბრძანება თავისი ჯარების ნაწილის კალინინგრადიდან (რუსული ანკლავი პოლონეთს, ლიეტუვასა და ბალტიის ზღვას შორის) კურსკის ოლქში გადაყვანის შესახებ. და ბოლოს, მოსკოვს შეუძლია ბელარუსის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს: მისი ლიდერის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ბრძანებით რუსეთს, კურსკის ოლქში გასაგზავნად, სამხედრო ტექნიკის ნაწილი გადაეცა, როგორც ამას მედიასაშუალება „ბელნოვოსტი“ თავდაცვის სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
„ამჟამად, რუსეთის ქმედებები არის დაძაბული, დაბნეული და არაორგანიზებული. მოსკოვი იმდენად მოუმზადებელი აღმოჩნდა ამ ტიპის შეტევისთვის, რომ არ იცის, როგორ მოიქცეს“, – ამბობს „Revue Défense Nationale“-ს მთავარი რედაქტორი, გენერალმა ჯერომ პელისტრანდი. ჯარების დისლოკაციის შეცვლას დრო – „რამდენიმე დღე“ – დასჭირდება. კალინინგარდსა და კურსკს შორის 1 337 კილომეტრია, ხოლო ხერსონსა და კურსკს შორის – 880 კილომეტრი.
პასუხის მოლოდინი ჯერ საკუთარ ქვეყანაში, შემდეგ კი – დასავლეთში
„რუსული არმია დილემის წინაშე დგას. მან უნდა აღადგინოს დაკარგული სუვერენიტეტი თავისი ტერიტორიის ნაწილზე. მაგრამ, ამის მისაღწევად, ის იძულებულია, ომი საკუთარ მიწაზე აწარმოოს, რაც საკუთარი სოფლების განადგურებას ნიშნავს. პუტინი ამჟამად ჩიხშია“, – მიიჩნევს ჯერომ პელისტრანდი.
1945 წლის შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების პირველ შეჭრაზე პასუხი მოსკოვის მხრიდან ჯერ არ გაცემულა. „კრემლი იგრძნობს ძალიან მკაცრი, ფართომასშტაბიანი რეაგირების აუცილებლობას, რათა აჩვენოს მსოფლიოს, რომ ის ყოვლისშემძლეა და რომ კურსკის მსგავსი ინციდენტი დაუსჯელი არ დარჩება“, – განუცხადა „სანდი ტაიმსს“ უკრაინის თავდაცვის უწყების წყარომ, რომელმაც თავისი ვინაობის საჯაროდ დასახელება არ ისურვა.
„და ეს არ იქნება მხოლოდ ოთხი რაკეტის გაშვება. ასეთი რაკეტების რაოდენობა შეიძლება ასობით იყოს, ისინი გამოიყენებენ კომპლექსურ იარაღს – ფრთოსან რაკეტებს, ბალისტიკურ რაკეტებს და „შაჰედებს“, – აღნიშნა მან, „სანდი ტაიმსთან“ საუბრისას.
ზოგიერთი ექსპერტის აზრით, მოსკოვის მიერ უკრაინის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ასობით რაკეტის გაშვება უფრო სავარაუდო ვარიანტია, ვიდრე თავდასხმა სუმზე, – უკრაინის დიდ ქალაქზე, რომელიც კურსკის მოპირდაპირე მხარეს, საზღვართან მდებარეობს.
კიდევ ერთი ვარიანტია, კიევმა გააგრძელოს გარღვევა კურსკში, რათა რუსეთის არმიამ შეძლოს მის ტერიტორიაზე მეტი უკრაინელი მებრძოლის განეიტრალება. „პოლიტიკური თვალსაზრისით, ამ სტრატეგიას, შესაძლოა, უარყოფითი შედეგები მოჰყვეს რუსეთისთვის. მაგრამ მას ასევე შეიძლება ჰქონდეს გარკვეული სამხედრო უპირატესობები“, – ამბობს „ნიუსუიკთან“ ინტერვიუში ლონდონის სამეფო კოლეჯის სამხედრო კვლევების განყოფილების თანამშრომელი, მკვლევარი მარინა მირონი.
ერთი სიტყვით, მოსკოვი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა: რით შეიძლება მოსკოვმა უპასუხოს იმას, რასაც ვლადიმერ პუტინი „დიდ პროვოკაციას“ უწოდებს? ან, რა შეიძლება იყოს ის სიგნალი, რომელსაც კიევისთვის იარაღის მიმწოდებელი დასავლეთის ქვეყნები კრემლიდან მიიღებენ? რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ნაჩვენებია გერმანული „მარდერის“ ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები და „პანცირის“ ტანკები. სწორედ ეს ტექნიკა გამოიყენეს უკრაინელმა ჯარისკაცებმა 6 აგვისტოს რუსეთის ტერიტორიაზე შესაღწევად.