მართალია, ხანძრები უკრაინის სტეპური ეკოსისტემების განუყოფელი ნაწილია და ხშირად ხდება, მაგრამ ომი, თავისი რეგულარული ხანძრებითა და ჭურვებისგან გაჩენილი ორმოებით, მაინც წარუშლელ კვალს ტოვებს ამ უნიკალურ ჰაბიტატზე.
სტეპი არის ბრტყელი მდელო ევრაზიის ზომიერ ზონაში, სადაც, ძირითადად, გვალვაგამძლე და დაბალი ბალახი იზრდება. ამ უნიკალურ გარემოზე გავლენას ახდენს ცხელი, მშრალი ზაფხული და ცივი ზამთარი. ხერსონის უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოლოგი ივან მოისიენკო განმარტავს, რომ სტეპის ბუნების დადგენა რთულია მისი მრავალი ქვეტიპის გამო, როგორიცაა, მაგალითად, მდელოს სტეპი, უდაბნოს სტეპი, კლდოვანი, კირქვის ან გრანიტის სტეპი და ა.შ.
„მხოლოდ უკრაინაში ათობით სხვადასხვა ტიპია“, – ამბობს მოისიენკო. ზუსტად იმის თქმა, თუ რამდენი სტეპია უკრაინაში, შეუძლებელია, რადგან ასეთი სტატისტიკა არ არსებობს. „დაახლოებით 2 000 წლის წინ, სტეპს თანამედროვე უკრაინის ტერიტორიის 40 პროცენტი ეკავა. ექსპერტების აზრით, ახლა სტეპების მხოლოდ 1-4 პროცენტია დარჩენილი“, – აღნიშნა ბიოლოგმა.
სოფლის მეურნეობამ სტეპებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. მდელოს სავარგულები ქმნიან ე.წ „შავმიწა სარტყელს“, რომელიც ადვილი დასამუშავებელია და დიდ აგრარულ მოგებას იძლევა.
„საჭირო არ არის ნიადაგის წინასწარ მომზადება, ხეების მოჭრა ან ფესვების ამოღება. მოდიხარ და მაშინვე ხნავ და თესავ. წაკითხული მაქვს მოგონებები 1950-იან წლებში ყაზახეთში ახალი მიწების ათვისების შესახებ, რომელშიც აღწერილია, რომ ტრაქტორისტი მთელი დღე ერთი მიმართულებით ასობით კილომეტრ მიწას ხნავდა, ღამეს იქ ათევდა, სადაც ხვნა დაასრულა, მეორე დღეს კი ხვნას საპირისპირო მიმართულებით, უკან აგრძელებდა. რელიეფი აქ ბრტყელია, დაბრკოლებების გარეშე. თქვენ, უბრალოდ, უნდა მოხსნათ, თესოთ და მოსავალი აიღოთ“, – აღნიშნა მან, სტეპის გამორჩეულ მახასიათებლებზე საუბრისას.
ამიტომ, სტეპების განადგურება ერთგვარი ტრაგედიაა. მოისიენკოს თქმით, სტეპი ამჟამად ყველაზე შეცვლილი, მოდიფიცირებული ბიომია მთელ ევროპაში.
უკრაინაში სტეპები ქვეყნის სამხრეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში მდებარეობს, სადაც ამჟამად ბრძოლების უმეტესობა მიმდინარეობს. ბიოლოგის თქმით, ფრონტის ხაზი ორჯერ გადიოდა ხერსონის ოლქის კამენსკის ეროვნულ პარკზე, რომელიც მტრისგან განთავისუფლებული შვიდი დიდი ნაკრძალიდან ერთ-ერთია.
„როდის ეს ტერიტორია განთავისუფლდა, რა დაგვხვდა ადგილზე? უამრავი ბანაკი, სადაც რუსი ოკუპანტები იყვნენ დაბანაკებულები. ასევე სიურეალისტური სანახაობა – არაერთი ბუნკერი და დიდი რაოდენობით ნაგავი. გარდა ამისა, რუსებმა გათხარეს თხრილები, მოაწყვეს უზარმაზარი სიმაგრეები და ააგეს თავდაცვითი ნაგებობები, რომლებიც პირდაპირ სტეპში აშენდა, სადაც, სულ მცირე, ათი სახეობის დაცული მცენარე იზრდება. აშკარაა, რომ სერიოზული დარღვევები მოხდა“, – განაცხადა მოისიენკომ.
სტეპზე ტანკებიც გადაადგილდებოდნენ. მძიმე ტექნიკამ დააზიანა მცენარეულობა და ნიადაგი, ისინი ბენზინით და სხვა ტოქსინებით დააბინძურა. გარდა ამისა, ბრძოლების შემდეგ ჭურვებისგან ბევრი ორმო და კრატერი დარჩა.
მოისიენკოს განცხადებით, რუსული ოკუპაციის რვა თვის განმავლობაში კამიანსკის ეროვნულ პარკში ტყის 37 ხანძარი გაჩნდა. ასევე განადგურდა ხეების მნიშვნელოვანი რაოდენობა. „პარკის თანამშრომლებმა გამოთვალეს, რომ რუსებმა ათასზე მეტი ხე მოჭრეს სხვადასხვა მიზნით: ბუნკერების ასაგებად, აღჭურვილობისა და საწვავის შესანიღბად“, – აღნიშნა პროფესორმა.
თავად ხანძარი შეიძლება სულაც არ იყოს კატასტროფა, რადგან სტეპები, დროდადრო, ბუნებრივად იწვის. „თუ ხანძარი იშვიათად ჩნდება, ვთქვათ, 50 წელიწადში ერთხელ, მას სტეპისთვის სარგებლის მოტანაც კი შეუძლია“, – ამბობს მოისიენკო. თუმცა, თუ ერთ წელიწადში 30-ზე მეტი ხანძარი გაჩნდა, ეს აშკარად საზიანოა. „ხანძრის შემდეგ, როგორც წესი, დაუყოვნებლივი და დიდი ჩარევა საჭირო არ არის. ეკოსისტემებს, უბრალოდ, დასვენება სჭირდებათ. მეორე მხრივ, თხრილები, ჭურვებისგან წარმოქმნილი კრატერები და ორმეტრიანი ხვრელები თავისით არ „განიკურნება“ – ისინი მრავალი წლის განმავლობაში რჩება. აქ სტეპი განადგურებულია, მას სარეველა დაეპატრონება და ეროზია დაიწყება“, – განმარტავს ის.
ამიტომ, სტეპის აღორძინებისთვის მისი აღდგენა და მელიორაციაა საჭირო, მაგრამ ეს ძვირი და ხანგრძლივი პროცესია. „სტეპის აღდგენა ერთ წელიწადში შეუძლებელია – ის კარტოფილის მინდორი არ არის. სტეპის ეკოსისტემის აღდგენას, შესაძლოა, 10-დან 20 წლამდე დასჭირდეს. ეს არის სერიოზული საკითხი, რომელიც, სტეპისთვის ძველი სახის დასაბრუნებლად, მნიშვნელოვან ინვესტიციებს საჭიროებს“, – აღნიშნა ბიოლოგმა.
კითხვაზე, თუ რატომ არის სტეპი ასეთი მნიშვნელოვანი ეკოსისტემა, მოისიენკო პასუხობს, რომ ის, რაც ადამიანს არ შეუქმნია, არ უნდა განადგურდეს. „მომთაბარე ხალხები სტეპებში თავს ისე გრძნობდნენ, როგორც საკუთარ სახლში. თუმცა, ჩვენ, ევროპული ცივილიზაციის წარმომადგენლებმა, ჯერ სტეპში ცხოვრება, მისი დაფასება და სწორად გამოყენება უნდა ვისწავლოთ“, – ამბობს ბიოლოგი.