რუსეთიდან ჩეხეთში გაზის იმპორტი, ბოლო კვირების განმავლობაში, საგრძნობლად გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წელს ბუნებრივი აირის უმეტესი ნაწილი ჩეხეთში გერმანიიდან შედიოდა, ნოემბერში მიწოდების 95%-ზე მეტი უკვე სლოვაკეთიდან ხორციელდება. ექსპერტების აზრით, რუსული გაზი, ძირითადად, სწორედ ამ მიმართულებით მიედინება. მათი ვარაუდი ჩეხეთის რესპუბლიკაში გაზის ტრანსპორტირების ექსკლუზიორი იმპორტიორის, Net4Gas-ის სტატისტიკას ეფუძნება.
ანალიტიკოსების აზრით, ამ ტენდენციის მთავარი მიზეზი ბაზარზე რუსული გაზის დაბალი ფასია, გერმანიის გავლით ბუნებრივი აირის იმპორტი კი, ტრანსპორტირების ხარჯების გამო, უფრო ძვირი ჯდება. იმპორტზე მისი გავლენა ჩეხეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომაც დაადასტურა. უწყების თქმით, ჩეხეთი ადრეც მოუწოდებდა გერმანიას, რომ ტრანსპორტირების გადასახადი გაეუქმებინა, რაც, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისიდან მოხდება. ამის შემდეგ დასავლეთიდან ბუნებრივი აირის ჩეხეთში იმპორტი კვლავ გაიზრდება.
ჩეხეთის ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანოს (ERO) სტატისტიკის თანახმად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთიდან ჩეხეთის რესპუბლიკაში გაზის მიწოდება მნიშვნელოვნად შემცირდა და გასული წლის პირველ 9 თვეში თითქმის ნულამდე დავიდა. თუმცა, გასული შემოდგომიდან რუსული გაზის წილმა კვლავ მკვეთრი ზრდა დაიწყო. თუმცა, ეს წილი დღეს მაინც არ არის დომინანტური.
Net4gas-ის სტატისტიკის მიხედვით, ცალკეული წყაროებიდან გაზის მიწოდების წილი წელს ყოველდღიურად იცვლება. მთლიანობაში, მიმდინარე წლის უმეტეს პერიოდში ეს თანაფარდობა იყო 55% (გერმანიიდან გაზის მოწოდება) 45%-თან (სლოვაკეთიდან მოწოდებული ბუნებრივი აირი). თუმცა, ნოემბერში სულ სხვა სურათია – სლოვაკეთიდან ჩეხეთში შესული გაზის წილი მიწოდების 95%-ს აღემატება.
მაგალითად, ორშაბათს, 18 ნოემბერს, სლოვაკეთის საზღვარზე მდებარე მთავარ დამაკავშირებელ პუნქტ ზელანჟჰოტზე 151 გიგავატ/საათზე მეტმა ბუნებრივმა აირმა გაიარა, ხოლო ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით არსებულ ბრანდის შეერთებიდან კი მხოლოდ 5 გიგავატ/საათზე ცოტა მეტი გაზი შემოვიდა. „ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ დავაფიქსირეთ სლოვაკეთის გავლით გაზის მოწოდების წილის ზრდა და გერმანიის გავლით მოწოდების შემცირება“, – აცხადებს Net4Gas-ის სპიკერი, ვოიტეკ მერავი.
„იდეალების იმედად ნუ იქნებით“
მან აღნიშნა, რომ კომპანია Net4Gas, როგორც გადამცემი სისტემის ოპერატორი, გაზის ვაჭრობაში ჩართული არ არის და, შესაბამისად, არ შეუძლია გავლენა მოახდინოს იმაზე, ვინ როდის აწვდის ქვეყანას ბუნებრივ აირს. მერავის არ შეუძლია დაადასტუროს, რომ სლოვაკეთიდან შემოსული გაზი ექსკლუზიურად რუსულია. თუმცა, წარსულში ქვეყნის ხელისუფლებამ არაერთხელ აღიარა, რომ სლოვაკეთიდან შემოსული ბუნებრივი აირი, ძირითადად, რუსულია. ამას ექსპერტებიც აღნიშნავენ.
„მიუხედავად იმისა, რომ გაზის წარმომავლობის ზუსტად დადგენა შეუძლებელია, ჩვენ შეგვიძლია დიდი ალბათობით ვამტკიცოთ, რომ ეს რუსული გაზი იყო“, – აცხადებს კომპანია XTB-ის ანალიტიკოსი, ირჟი ტილეჩეკი. EFG-ის წარმომადგენელი, ბარბორა ფორმანკოვაც რუსული გაზის მთავარ სატრანზიტო ქვეყნად სლოვაკეთს მიიჩნევს. ჩეხეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ ასევე დაადასტურა შესაძლებლობა, რომ რუსული გაზი სლოვაკეთის გავლით შემოდის. თუმცა, სამინისტროს ცნობით, ჩეხ ტრეიდერებსა და რუსეთს შორის ორმხრივი კონტრაქტი არ არსებობს.
ნოემბერში მნიშვნელოვნად ნაკლებად გამოიყენება დასავლეთის მარშრუტი, რომლითაც გაზი გერმანიის გავლით ჩეხეთში, ძირითადად, ნორვეგიიდან, ასევე ჰოლანდიური ტერმინალიდან, Eemshaven-დან შემოდის. ჩეხურმა ენერგეტიკულმა კომპანია CEZ-მა იქ 2027 წლამდე იქირავა მცურავი ტერმინალის ნაწილი, სადაც წელიწადში დაახლოებით სამი მილიარდი კუბური მეტრი გაზი ინახება. CEZ-ის მონაცემებით, ექსპლუატაციის ორი წლის განმავლობაში, შეკუმშული ბუნებრივი აირის ტერმინალში, 43 ხომალდით, ჩეხეთის რესპუბლიკისთვის განკუთვნილი 3,86 მილიარდი კუბური მეტრი გაზი შევიდა. ამავდროულად, CEZ-მა არაერთხელ განაცხადა, რომ ის რუსულ გაზზე არ მუშაობს.
ანალიტიკოსების აზრით, გაზის მიწოდების ასეთი მნიშვნელოვანი ზრდის მთავარი მიზეზი მისი ფასის უპირატესობაა. „რუსული გაზი ალტერნატიულ წყაროებზე იაფია. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გერმანიაზე ტრანსპორტირების საფასურია, რომელიც ამჟამად მეგავატ/საათზე 2,5 ევროს შეადგენს. გაზის საერთაშორისო ვაჭრობაში იდეალები არანაირ როლს არ თამაშობენ. ყველაფერს მკაცრი ბიზნესი ადგენს“, – ამბობს ტილეჩეკი. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციები არ დაწესებულა, ამიტომ მოვაჭრეების ქმედებები კანონიერია. ფორმანკოვას განმარტებით კი, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ქვეყნებს ზამთრისთვის გაზის საკმარისი მარაგი აქვთ, ახლა ბაზარზე ბოლო სიტყვა ფასს ეკუთვნის.
გერმანიის გავლით გაზის ტრანსპორტირების საფასურის გავლენა ჩეხეთის მრეწველობის სამინისტრომაც დაადასტურა. „ჩეხეთმა სხვა წევრ ქვეყნებთან ერთად მოუწოდა გერმანიას, გააუქმოს ეს გადასახადი. მოსაკრებლის გაუქმების საკითხი გერმანიის პარლამენტში განიხილება და სავარაუდოდ, მომავალი წლის 1 იანვრიდან აღარ აღარ იარსებებს. მისი გაუქმების შემდეგ, ჩვენ ველით, რომ გერმანიის გავლით იმპორტის წილი კვლავ გაიზრდება“, – განაცხადა სამინისტროს სპიკერმა, მარეკ ვოშალიკმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში დასავლეთიდან ალტერნატიული მიწოდების წყალობით, რუსული გაზის შესყიდვის საჭიროება აღარ იარსებებს.